უიღურები

უიღური მოდელის გამოცდილება ჩინეთში უიღურთა დაკავების ბანაკში

მერდან გაპარი
WU ZI YANG AGENCY/BBC

უიღური მოდელის მერდან გაპარის ოჯახმა გაავრცელა უიღურების დაკავების სპეციალური ბანაკში გადაღებული ვიდეო და ფოტოები, რომლებიც მათ მერდან გაპარმა გაუგზავნა. 

ვიდეო გაპარმა თავის საკანში გადაიღო. ვიდეოში ჩანს, როგორ არის მერდან გაპარი ხელბორკილით ლოგინზე მიბმული. ვიდეოსა და ფოტოების გარდა გაპარი ბანაკიდან ჩინური სოცმედია აპლიკაციის, WeChat-ის საშუალებით მოკლე ტექსტურ შეტყობინებებსაც გზავნიდა და ყვებოდა, თავის გამოცდილებაზე ბანაკში და იქ არსებულ მდგომარეობაზე.

შეტყობინებები მერდან გაპარისგან 5 თვის წინ შეწყდა და მას შემდეგ ოჯახს მასზე აღარაფერი სმენია. მიუხედავად საფრთხისა, რომ 4-წუთიანი ვიდეოს გავრცელებამ შეიძლება პატიმრობაში გაპარის მდგომარეობა გააუარესოს, ოჯახი თვლის, რომ მათ სხვა გამოსავალი აღარ ჰქონდათ.

დაკავებულის ბიძას, აბდულჰაქიმ გაპარს, იმედი აქვს, რომ მერდანის ვიდეო საზოგადოების ყურადღებას მიიქცევს და წინ წამოსწევს იმ პრობლემებს, რომლებთან გამკლავებაც ჩინეთში მცხოვრებ უიღურთა ეთნიკურ უმცირესობას უწევს.

მერდან გაპარს ჩინეთში წარმატებული, მაღალშემოსავლიანი სამოდელო კარიერა ჰქონდა. ის ჩინეთის ონლაინ გაყიდვების პლატფორმა თაოპაოსთვის მუშაობდა. 

მიუხედავად წარმატებისა, ის დისკრიმინაციის მსხვერპლი მაინც ხდებოდა. მერდანის ოჯახის წევრების თქმით, მას არაერთხელ ურჩიეს, ყურადღება არ გაემახვილებინა თავის წარმომავლობაზე. მიუხედავად იმისა, რომ მას თავისუფლად შეეძლო, თავისი შემოსავლებით შეეძინა ბინა, მერდან გაპარს არ მისცეს უფლება, ბინა თავის სახელზე დაერეგისტრირებინა და იძულებული გახდა, ქონება ეთნიკურად ჩინელი მეგობრის სახელზე გაეფორმებინა.

2018 წელს მერდან გაპარი მარიხუანას გაყიდვისთვის დააპატიმრეს. უდანაშაულობის შემთხვევაშიც კი გამამართლებელი განაჩენის მიღება, თითქმის შეუძლებელი იყო. ჩინეთში სისხლის სამართლის საქმეთა 99% გამამტყუნებელი განაჩენით სრულდება. მას 16 თვით პატიმრობა მიესაჯა. 

2019 წელს გათავისუფლებიდან ერთ თვეში, მერდან გაპარს პოლიცია ესტუმრა და შეატყობინა, რომ სინძიანში უნდა დაბრუნებულიყო გეგმური რეგისტრაციის გასავლელად. მას არ ედებოდა ბრალი რაიმე დანაშაულში, პოლიციამ აღნიშნა, რომ მერიდანს შეიძლებოდა უბრალოდ რამდენიმე დღე გაეტარებინა სინძიანში გარკვეულ საკითხებზე განათლების მისაღებად - ჩინეთის მთავრობა უიღურების დაკავებას და მათ ბანაკებში გაგზავნას წარმოაჩენს, როგორც საგანმანათლებლო, ცნობიერების ასამაღლებელ პროგრამებს.

სინძიანში დაბრუნებიან ერთი თვის შემდეგ მერდანმა ოჯახისთვის შეტყობინებების გაგზავნა დაიწყო.

მერდან გაპარის შეტყობინებები კარგად აღწერს იმ მძიმე მდგომარეობას, რომელშიც უიღურები უკანონო დაკავების შემდეგ ხვდებიან. 

მისი მონათხრობით ვიგებთ, რომ პატარა დაკავების ოთახში ის 50-60 ადამიანთან ერთად იყო. ყველას შავი ტანსაცმელი ეცვა, თავზე თავსაბურავი ჰქონდათ წამოხურული, ხელებსა და ფეხებზე ბორკილები ედოთ და ეს ბორკილები ჯაჭვით იყო ერთმანეთთან დაკავშირებული. დაკავებულებს თავსაბურავის მოხდა ეკრძალებოდათ. საკანში დასაწოლი და დასაძნებელი ადგილიც კი არ იყო. გაპარი ლაპარაკობს საკანში ანტისანიტარიაზე, დაკავებულებს ჭურჭლის ერთმანეთში გაზიარება უწევდათ. მას ხშირად ესმოდა ყვირილი, რომელიც პოლიციის განყოფილების სხვა ნაწილიდან, სავარაუდოდ დაკითხვის ოთახებიდან მოდიოდა. 

კორონავირუსის ეპიდემიის დაწყების შემდეგ დაკავებულებისთვის ნიღბების ტარება სავალდებულო გახდა. ტემპერატურის გაზომვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მერდან გაპარს სიცხე ჰქონდა. ამის შემდეგ ის სხვა საკანში გადაიყვანეს, რომელშიც მარტო იყო. ახალი საკნიდან გაპარს გაცილებით უკეთესად ესმოდა ადამიანების ყვირილის ხმა. 

რამდენიმე დღის შემდეგ დაკავებულები უცნობ ადგილას გადაიყვანეს. გაპარი, რომელიც გაციებული იყო და თავს ცუდად გრძნობდა, განცალკევებით გადაიყვანეს შენობაში, რომელსაც ეპიდემიის საკონტროლო ცენტრს უწოდებდნენ. სწორედ აქ გადაიღო მან ვიდეო და სურათები და მოახერხა შეტყობინებების გაგზავნა ოჯახისთვის. ეპიდემიის საკონტროლო ცენტრში ის ნაკლებად მკაცრ პირობებში აღმოჩნდა. გაპარის ტელეფონი მის პირად ნივთებში შეუმჩნეველი აღმოჩნდა დაცვისთვის და პირადი ნივთების ნაწილი გაპარს ცენტრში გადაყვანის შემდეგ დაუბრუნეს.

მერდან გაპარის ვიდეოში ისმის პროპაგანდისტური გზავნილები ჩინურ და უიღურულ ენაზე, რაც ამყარებს მოსაზრებას რომ, ვიდეო უტყუარია.

მერდან გაპარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი უიღურების შევიწროების ფაქტებს უარყოფს, ქვეყანაში ეთნიკური უმცირესობის დევნა გრძელდება.

უიღურები ჩინეთის სინძიანის ავტონომიურ რეგიონში მოსახლეობის 45%-ს შეადგენენ. ეთნიკურად ისინი ცენტალური აზიის ხალხებს ენათესავებიან და, ძირითადად, მუსლიმები არიან.

ჩინეთის მთავრობა უიღურებს პოპულაციის კონტროლის მიზნით სხვადასხვა კონტრაცეპტივის გამოყენებას აიძულებს. სამთავრობო სტატისტიკაზე, სახელმწიფო დოკუმენტებსა და ინტერვიუებზე დაყრდნობით, AP-მ გამოძიება ჩაატარა. უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე ჩინეთის მთავრობა სინძიანის პროვინციაში უიღურების წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას ატარებს, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი „დემოგრაფიულ გენოციდსაც“ კი უწოდებს.

გასულ წელს გავრცელდა დოკუმენტები, რომლებშიც აღწერილია ჩინეთის სინძიანის პროვინციაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დაკავების ბანაკებში არსებული სიტუაცია, როგორ ხდება დაკავება, ინდოქტრინაცია და დასჯა ბანაკებში. მილიონამდე ადამიანი სასამართლო პროცესის გარეშეა დაკავებული. დოკუმენტებიდან ასევე ჩანს, რომ 2017 წელს მხოლოდ ერთ კვირაში 15 000 ადამიანი დააკავეს და ბანაკებში გადაიყვანეს.
 

ჩინეთი თავდაპირველად მსგავსი ბანაკების არსებობას უარყოფდა, თუმცა შემდეგ თქვა, რომ ეს გადასამზადებელი ცენტრებია. დაკავების ბანაკების გამო  აშშ-ს მხრიდან ჩინეთის მწვავე კრიტიკის შემდეგ ჩინეთის საგარეო სამინისტროს წარმომადგენელმა ხუა შუნინგმა აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის ფაქტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ უიღურები სინძიანგში უფრო თავისუფლები არიან, ვიდრე აფროამერიკელები აშშ-ში.

კომენტარები