ალექსეი ნავალნი

ნავალნის წინააღმდეგ ვეტერანის შეურაცხყოფის გამო სასამართლო პროცესი გაიმართება

ალექსეი ნავალნი
Meduza

ოთხშაბათს, 20 იანვარს, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომის ვეტარანის შეურაცხყოფის ბრალდებით სასამართლო პროცესი გაიმართება.

ამჟამად ნავალნი 2014 წლის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადის დარღვევისთვისაა დაკავებული. სასამართლომ მას 30 დღით პატიმრობა მიუსაჯა.

საგამოძიებო კომიტეტმა გუშინ ნავალნის წინააღმდეგ ცილისწამების ბრალადებით საქმის გამოკვლევა განაახლა. გამოძიების ცნობით, ზაფხულში ვეტერანმა ვიდეოში დადებითად შეაფასა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ვლადიმირ პუტინს საშუალებას აძლევს, ხელისუფლებაში 2036 წლამდე დარჩეს.

ნავალნიმ ეს ვიდეო Twitter-ზე გამოაქვეყნა და მასში მონაწილე ვეტერანებს "ქვეყნის სირცხვილი", "უსინდისო ადამიანები" და "მოღალატეები" უწოდა. ცილისწამების საქმის გამოკვლევა ნავალნის "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ გერმანიაში გადაყვანის გამო შეჩერდა.

რუსეთში სასჯელი ცილისწამებისთვის 5 მილიონ რუბლამდე ჯარიმას და 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება გამოსაცდელი ვადის დარღვევისთვის სასამართლო მოსმენას, ის 2 თებერვლიდან დაიწყება. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, 2014 წლის საქმეზე ნავალნისთვის მიცემული პირობითი სასჯელი შეცვალოს თუ არა პატიმრობით.

ნავალნის მომხრეები მის წინააღმდეგ წაყენებულ ორივე ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

სასამართლო პროცესი, რომელზეც ნავალნის 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს, პირდაპირ პოლიციის განყოფილებაში გაიმართა. პროცესის დაწყებამდე ნავალნი 15 საათის განმავლობაში დაცვის ქვეშ იყო. მასთან არ უშვებდნენ ადვოკატებს და არ აძლევდნენ დარეკვის საშუალებას.

ალექსეი ნავალნი რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა. ის აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლისას დააკავეს. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის გამოსაცდელი ვადის მრავალგზის დარღვევას ედავება.

12 იანვარს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს მიმართა, რათა "ივ როშეს" საქმესთან  დაკავშირებით ნავალნის პირობითი პატიმრობა თავისუფლების აღკვეთით შეეცვალოს. დეკემბრის ბოლოს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის დაემუქრა, რომ, თუ ის 29 დეკემბრის 9:00 საათზე უწყების ფილიალში არ გამოცხადებოდა, პირობითი სასჯელის რეალური პატიმრობით შეცვლას მოითხოვდა.

ნერვულ აგენტ "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა და, როგორც მისმა ადვოკატმა აღნიშნა, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მიერ დაწესებულ ვადებში რუსეთში ვერ დაბრუნდებოდა.

ალექსეი ნავალნი "ივ როშეს" საქმესთან დაკავშირებით გამოსაცდელი ვადა აქვს. 2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით, მას 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა მიესაჯა. მოგვიანებით გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა. თუ სასამართლო სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მხარეს დაიჭერს, ნავალნის, შესაძლოა, 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.

გარდა ამისა, დეკემბრის ბოლოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით ახალი საქმე აღძრა. გამოძიების ვერსიით, ნავალნის ორგანიზაცია ანტიკორუფციულმა ფონდმა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა 356 მილიონი რუბლი, რომელიც შემოწირულობებით შეგროვდა. ამით საქმე აღძრულია ჯგუფის მიერ ჩადენილი ორგანიზებული თაღლითობისთვის, რომელიც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები