ალექსეი ნავალნი

ალექსეი ნავალნი 30 დღით დააპატიმრეს

ალექსეი ნავალნი
ABC News

რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ქალაქ ხიმკის სასამართლომ  30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ალექსეი ნავალნის ერთ-ერთი ადვოკატი, ვადიმ კობზევი, Twitter-ზე წერს. იგივე ინფორმაცია ალექსეი ნავალნის Twitter-ზეც გამოქვეყნდა.

"დაკავებული 30 დღით, 2021 წლის 15 თებერვლამდე"

ნავალიმ ვიდეო მიმართვა გაავრცელა, რომელშიც მხარდამჭერებს მოუწოდა ქუჩაში გამოსულიყვნენ.

რისი ეშინია მილზე მჯდომ გომბეშოს, რისი ეშინიათ ბუნკერის ქურდებს ყველაზე მეტად? თქვენ ეს მშვენივრად იცით, ხალხის ქუჩაში გასვლის. ეს ის პოლიტიკური ფაქტორია, რომლის უგულვებელყოფაც არ შეიძლება. ეს არის ყველაზე მთავარი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს არის პოლიტიკის არსი. ამიტომ ნუ გეშინიათ, გამოდით ქუჩებში, გამოდით არა ჩემთვის, არამედ - თქვენთვის და თქვენი მომავლისთვის.

ალექსეი ნავალნის რეგინული შტაბების ხელმძღვანელმა ლეონიდ ვოლკოვმა განაცხადა, რომ ნავალნის შტაბებმა დაიწყეს მზადება მასშტაბური საპროტესტო აქციებისთვის 23 იანვარს.

სასამართლო პროცესი პირდაპირ პოლიციის განყოფილებაში გაიმართა. ნავალნის ადვოკატს ამის შესახებ პროცესის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეატყობინეს. პროცესი მოსკოვის დროით 12:30-ზე დაიწყო.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე ნავალნი 15 საათის განმავლობაში დაცვის ქვეშ იყო. მასთან არ უშვებდნენ ადვოკატებს და აძლევდნენ დარეკვის საშუალებას.

ალექსეი ნავალნი რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა. ის აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლისას დააკავეს. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის გამოსაცდელი ვადის მრავალგზის დარღვევას ედავება.

12 იანვარს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურმა სასამართლოს მიმართა, რათა "ივ როშეს" საქმესთან  დაკავშირებით ნავალნის პირობითი პატიმრობა თავისუფლების აღკვეთით შეეცვალოს. დეკემბრის ბოლოს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის დაემუქრა, რომ, თუ ის 29 დეკემბრის 9:00 საათზე უწყების ფილიალში არ გამოცხადებოდა, პირობითი სასჯელის რეალური პატიმრობით შეცვლას მოითხოვდა.

ნერვულ აგენტ "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა და, როგორც მისმა ადვოკატმა აღნიშნა, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მიერ დაწესებულ ვადებში რუსეთში ვერ დაბრუნდებოდა.

ალექსეი ნავალნი "ივ როშეს" საქმესთან დაკავშირებით გამოსაცდელი ვადა აქვს. 2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით, მას 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა მიესაჯა. მოგვიანებით გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა. თუ სასამართლო სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მხარეს დაიჭერს, ნავალნის, შესაძლოა, 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.

გარდა ამისა, დეკემბრის ბოლოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით ახალი საქმე აღძრა. გამოძიების ვერსიით, ნავალნის ორგანიზაცია ანტიკორუფციულმა ფონდმა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა 356 მილიონი რუბლი, რომელიც შემოწირულობებით შეგროვდა. ამით საქმე აღძრულია ჯგუფის მიერ ჩადენილი ორგანიზებული თაღლითობისთვის, რომელიც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები