ალექსეი ნავალნი

ალექსეი ნავალნი აეროპორტში დააკავეს

ალექსეი და იულია ნავალნები შერემეტიევოს აეროპორტში [17 იანვარი]
 AFP

სამშობლოში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი აეროპორტში დააკავეს. პოლიტიკოსი სასაზღვრო კონტროლის გავლის დროს დააკავეს. ინფორმაცია რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა დაადასტურა:

2020 წლის 17 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში რუსეთის სასკჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ქალაქ მოსკოვის განყოფილების თანამშრომლების მიერ დაპატიმრებული იყო პირობით მსჯავრდებული ალექსეი ნავალნი, რომელიც 2020 წლის 29 დეკემბრის შემდეგ ძებნაშია გამოსაცდელი ვადის მრავლობითი დარღვევის გამო. ა. ნავალნისთვის შემდგომ აღმკვეთ ღონისძიებას სასამართლო განსაზღვრავს. გადაწყვეტილებამდე ის დაცვის ქვეშ იქნება.

12 იანვარს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურმა სასამართლოს მიმართა, რათა "ივ როშეს" საქმესთან  დაკავშირებით ნავალნის პირობითი პატიმრობა თავისუფლების აღკვეთით შეეცვალოს. დეკემბრის ბოლოს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის დაემუქრა, რომ, თუ ის 29 დეკემბრის 9:00 საათზე უწყების ფილიალში არ გამოცხადებოდა, პირობითი სასჯელის რეალური პატიმრობით შეცვლას მოითხოვდა.

ნერვულ აგენტ "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა და, როგორც მისმა ადვოკატმა აღნიშნა, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მიერ დაწესებულ ვადებში რუსეთში ვერ დაბრუნდებოდა.

ალექსეი ნავალნი "ივ როშეს" საქმესთან დაკავშირებით გამოსაცდელი ვადა აქვს. 2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი, დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით, მას 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა მიესაჯა. მოგვიანებით გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა. თუ სასამართლო სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მხარეს დაიჭერს, ნავალნის, შესაძლოა, 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.

გარდა ამისა, დეკემბრის ბოლოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით ახალი საქმე აღძრა. გამოძიების ვერსიით, ნავალნის ორგანიზაციამ, ანტიკორუფციულმა ფონდმა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა 356 მილიონი რუბლი, რომელბიც შემოწირულობებით შეგროვდა. ამით საქმე აღძრულია ჯგუფის მიერ ჩადენილი ორგანიზებული თაღლითობისთვის, რომელიც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თავად პოლიტიკოსმა საქმე დაუკავშირა თავისი მოწამვლის გამოძიებას. ალექსეი ნავალნი ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვული აგენტით აგვისტოში მოწამლეს. მოწამვლის ჟურნალისტურ გამოძიებაში თავად ოპოზიციონერი მონაწილეობდა.

კომენტარები