აშშ-კუბა

აშშ-მ კუბის შინაგან საქმეთა სამინისტროს სანქციები დაუწესა

სტივენ მნუჩინი
CNBC

აშშ-მ კუბის შინაგან საქმეთა სამინისტროს სანქციები დაუწესა. აშშ სამინისტროს ბრალს სდებს ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში.

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა განცხადებაში ახსენა კუბელი დისიდენტი ხოსე დანიელ ფერერი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კონტროლირებულ ციხეშია და გავრცელებული ინფორმაციით მას სცემენ და აწამებენ. 

"აშშ გააგრძელებს ყველა იარაღის გამოყენებას, რათა უპასუხოს ადამიანის უფლებებათა მძიმე მდგომარეობას, როგორც კუბაში, ისე ყველგან მთელ მსოფლიოში" - ვკითხულობთ განცხადებაში.

ვაშინგტონის მიერ დაწესებული სანქციები ეხება კუბის შინაგან საქმეთა მინისტრ ლაზარო ალბერტო ავარეზ კასასსაც. 

12 იანვარს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კუბა ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფოების სიაში დააბრუნა. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი საერთაშორისო ტერორიზმის მხარდამჭერთა და აშშ-ს სასამართლო სისტემისგან მიმალული პირებისა და კოლუმბიელი აჯანყებული ლიდერების შეფარებაა.

საპრეზიდენტო კამპანიის დროს ჯო ბაიდენმა თქვა, რომ შეცვლის ტრამპის პოლიტიკას კუბის მიმართ, რომელმაც დააზარალა კუბელი ხალხი და არაფერი გაუკეთებია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების წინსვლისთვის.

ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფოების სიაში კუბის დაბრუნების გადაწყვეტილების მიღება ხანგრძლივი, რამდენიმეთვიანი პროცესი იყო. თუ ბაიდენი გადაწყვეტილების შეცვლას მოინდომებს, სავარაუდოა, რომ პროცესი დროში ისევ გაიწელება. ძალაუფლების გადაცემის ბაიდენის გუნდის თანახმად, ისინი ყურადღებით აკვირდებიან მოქმედი პრეზიდენტის ვადის მიწურულს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

კომენტარები