დონალდ ტრამპი

TWITTER-ის დამფუძნებელი: ტრამპის დაბლოკვა სწორი იყო, მაგრამ სახიფათო პრეცედენტს ქმნის

Twitter-ის დამფუძნებელმა, ჯეკ დორსიმ, საკუთარ პლატფორმაზე რამდენიმე პოსტი დაწერა დონალდ ტრამპის დაბლოკვასთან დაკავშირებით და ამ გადაწყვეტილებას სწორი, მაგრამ სახიფათო პრეცედენტი უწოდა.

ჯეკ დორსი წერს, რომ უჩვეულო სიტუაციამ მათ უბიძგა, რომ საზოგადოების უსაფრთხოებაზე კონცენტრირებულიყვნენ და ამიტომ ტრამპის დაბლოკვა სწორი გადაწყვეტილება იყო. თუმცა იგი ასევე წერს, რომ დაბლოკვის გადაწყვეტილება Twitter-ის ჩავარდნა იყო ჯანსაღი დისკუსიების წინ წამოწევის საკითხში.

ბიზნესმენმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ დონალდ ტრამპი მათ გაფრთხილების შემდეგ დაბლოკეს და ეს გადაწყვეტილება იმ მუქარებზე დაყრდნობით მიიღეს, რომლებიც ადამიანების უსაფრთხოებას ეხებოდა.

"მსგავსი ქმედებები საზოგადოებრივ დისკუსიის ფრაგმენტაციას იწვევს. ისინი გვყოფენ...და ქმნის პრეცედენტს, რაც სახიფათოდ მიმაჩნია: [როდესაც] ინდივიდის ან კორპორაციის ძალაუფლებას გავლენა აქვს საჯარო დისკუსიაზე". - წერს ჯეკ დორსი.

სოციალურმა ქსელებმა დონალდ ტრამპი 8 იანვარს კაპიტოლიუმზე მომხდარი თავდასხმის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო დაბლოკეს. Twitter-მა პრეზიდენტის ტვიტები ძალადობისკენ მოწოდებად მიიჩნია და გაფრთხილების დარღვევის შემდეგ დონალდ ტრამპის ანგარიშის სამუდამოდ დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო. ტრამპს ტვიტერზე თითქმის 88 მილიონი მიმდევარი ჰყავდა. 

დონალდ ტრამპის ანგარიში იმავე მიზეზით დროებით დაბლოკა Facebook-ის ადმინისტრაციამაც. 

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, Facebook-ის და Twitter-ის აქციების ფასი ჯამურად 51 მილიარდი დოლარით შემცირდა

 

კომენტარები