აშშ

ტრამპის დაბლოკვის შემდეგ Facebook-ის და Twitter-ის აქციების ფასი $51 მილიარდით შემცირდა

დონალდ ტრამპი

აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაბლოკვის შემდეგ, 2 სავაჭრო დღის განმავლობაში, Facebook-ის და Twitter-ის აქციების ფასი ჯამურად 51 მილიარდი დოლარით შემცირდა. 

სავარაუდოა, რომ აქციების ფასის საგრძნობი კლება სწორედ დონალდ ტრამპის დაბლოკვასა და აქედან გამომდინარე ინვესტორების გაუარესებულ მოლოდინებს უკავშირდება, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ მოვლენები ერთმანეთს დროში ემთხვევა. 

11 იანვარს Facebook-ის აქციების ფასი 4%-ით, ხოლო 12 იანვარს კიდევ 2%-ით შემცირდა. 8 იანვართან შედარებით, როდესაც ქსელმა დონალდ ტრამპის ანგარიშის დაბლოკვის შესახებ გამოაცხადა, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 47.6 მილიარდი დოლარითაა შემცირებული.

რაც შეეხება Twitter-ს 11 იანვარს კომპანიის აქციების ფასი 6.4%-ით, ხოლო 12 იანვარს 2.4%-ით შემცირდა. 8 იანვართან შედარებით კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 3.5 მილიარდი დოლარით შემცირდა. 

ბოლო მონაცემებით, Facebook-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 715 მილიარდ დოლარს უტოლდება, ხოლო Twitter-ის – 47.7 მილიარდ დოლარს. 

სოციალური ქსელებმა დონალდ ტრამპი 8 იანვარს კაპიტოლიუმზე მომხდარი თავდასხმის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო დაბლოკეს. Twitter-მა პრეზიდენტის ტვიტები ძალადობისკენ მოწოდებად მიიჩნია და გაფრთხილების დარღვევის შემდეგ დონალდ ტრამპის ანგარიშის სამუდამოდ დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო. ტრამპს ტვიტერზე თითქმის 88 მილიონი მიმდევარი ჰყავდა. 

დონალდ ტრამპის ანგარიში იმავე მიზეზით დროებით დაბლოკა Facebook-ის ადმინისტრაციამაც. 

დონალდ ტრამპის თქმით, არჩევნები გაყალბდა და მას გამარჯვება წაართვეს. თავის ტვიტებსა თუ სატელევიზიო ინტერვიუებში მას არც ერთხელ არ უღიარებია არჩევნების შედეგები. 6 იანვარს, როდესაც აშშ-ს კონგრესი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების სერტიფიცირებისთვის შეიკრიბა, შენობაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერი ასობით დემონსტრანტი შეიჭრა, მათ გაარღვიეს პოლიციის კორდონი და დაიკავეს შენობის ნაწილი, მათ შორის კონგრესის სპიკერის, ნენსი პელოსის პირადი კაბინეტიც. 

საჭირო გახდა ვიცეპრეზიდენტის და ნენსი პელოსის ევაკუაცია, პროცესი რამდენიმე საათით შეწყდა. ადგილზე, პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, ნაციონალური გვარდია მივიდა, რის შემდეგაც ვითარება შედარებით განიმუხტა. შეტაკებების დროს დაიღუპა 4 დემონსტრანტი და 1 პოლიციელი. 

სერტიფიცირების პროცესი რამდენიმე საათში დასრულდა და კონგრესმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად ჯო ბაიდენი გამოაცხადა. 

კომენტარები