რელიგიის თავისუფლება

NGO-ები: სახელმწიფო ვალდებულია აღკვეთოს მუსლიმთა ღვთისმსახურებისთვის ხელისშემშლელი ქმედება

სამოქალაქო პლატფორმა არა - ფობიას! და კოალიცია თანასწორობისთვის წარმომადგენელი ორგანიზაციები ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების შეზღუდვისა და დისკრიმინაციული სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ განცხადებას ავრცელებენ და ყურადღებას ამახვილებენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მიმდინარე მოვლენებზე. ორგანიზაციების ცნობით, მუსლიმთა თემისთვის ღვთისმსახურება კონსტიტუციით დაცული უფლებაა და სახელმწიფო ვალდებულია, აღკვეთოს მუსლიმი მოსახლეობის ღვთისმსახურებისთვის ხელის შემშლელი ნებისმიერი ქმედება.

"მუსლიმი თემის მიერ კერძო საკუთრებაში სალოცავის მოწყობა და ღვთისმსახურება კონსტიტუციით დაცული უფლებაა. შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია, შეასრულოს აღმსარებლობის თავისუფლებიდან გამომდინარე პოზიტიური ვალდებულება და აღკვეთოს მუსლიმი მოსახლეობის ღვთისმსახურებისთვის ხელის შემშლელი ნებისმიერი ქმედება, ასევე – მიიღოს ყველა შესაძლო პრევენციული ზომა. სოფელ ბუკნარში განვითარებული მოვლენები არ არის მუსლიმების უფლებების შელახვის პირველი შემთხვევა. რელიგიური უმცირესობებისათვის საქართველოში რელიგიური ნიშნით დევნა, ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა, რელიგიური წესის აღსრულებისთვის უკანონოდ ხელის შეშლა ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და სისტემური პრობლემაა.

2012-დან 2016 წლის ჩათვლით, საქართველოს სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მცხოვრები მუსლიმების წინააღმდეგ რელიგიური ნიშნით ძალადობის და უფლებების დარღვევის რვა მასშტაბური შემთხვევა გამოვლინდა. აქედან შვიდ შემთხვევაში პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია, ზოგ საქმეზე კი გამოძიება ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება". – ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციები იუწყებიან, რომ გამოვლენილ რელიგიურ კონფლიქტებს მთავრობამ პრობლემური მანდატისა და კომპეტენციების მქონე უწყების – რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაფუძნებით უპასუხა, რომელიც რელიგიის თავისუფლების საკითხებს, ადამიანის უფლებების ნაცვლად, მეტწილად უსაფთხოების პერსპექტივიდან ხედავს.

"ის ფაქტი, რომ რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე განხორციელებულ არაერთ ძალადობრივ და დისკრიმინაციულ ქმედებას სახელმწიფოს მხრიდან არ მოჰყოლია სათანადო რეაგირება, კიდევ უფრო ამძიმებს რელიგიური უმცირესობების უფლებრივ მდგომარეობას, საზოგადოებაში აჩენს დაუსჯელობის განცდას და ხელს უწყობს სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფს შორის დაპირისპირების გაღვივებას". – ნათქვამია განცხადებაში.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში რამდენიმე კვირაა, რაც რელიგიურ ნიადაგზე ადგილობრივ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირებაა. ქრისტიანი მოსახლეობა მუსლიმების მიერ საკუთარი სახსრებით შეძენილ კერძო სახლში ლოცვას აპროტესტებს იმ არგუმენტით, რომ "ეს ქრისტიანული მიწაა" და აქ მეჩეთის ადგილი არ არის.

მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა ბოლო დღეების განმავლობაში. 12 იანვარს მომხდარი ძალადობის დროს რამდენიმე მუსლიმი პირი (მათ შორის, არასრულწლოვნები) დაშავდა. დაძაბული ვითარება იყო 13 იანვარსაც.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას:

  • დაიცვას ყველა მოქალაქის მიერ რელიგიისა და რწმენის თავისუფლებით სარგებლობის ფუნდამენტური უფლება, რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიეთგამიჯვნის, თანასწორუფლებიანობის პრინციპები; საშუალება მისცეს მოქალაქეებს, დაუბრკოლებლად ისარგებლონ რწმენისა და რელიგიის თავისუფლებით, მათი კონფესიური კუთვნილების მიუხედავად;
  • 12 იანვარს სოფელ ბუკნარში მომხდარი ძალადობისა და რელიგიური დევნის შემთხვევებზე უზრუნველყოს ეფექტიანი გამოძიების ჩატარება და ამასთან მიიღოს ადეკვატური ზომები ძალადობის პრევენციის მიზნით;
  • უზრუნველყოს სოფელ ბუკნარში მცხოვრები მუსლიმი თემის მიერ ღვთისმსახურების თავისუფლად და უსაფრთხოდ განხორციელება;

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  • თბილისი პრაიდი
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • უფლებები საქართველო
  • თანასწორობის მოძრაობა
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • საფარი
  • ღია საზოგადოების ფონდი  (OSGF)

კომენტარები