აშშ-კუბა

აშშ-მ კუბა ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფოების სიაში დააბრუნა

მაიკ პომპეო
US Embassy in El Salvador

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კუბა ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფოების სიაში დააბრუნა. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს, განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი საერთაშორისო ტერორიზმის მხარდამჭერთა და აშშ-ს სასამართლო სისტემისგან მიმალული პირებისა და კოლუმბიელი აჯანყებული ლიდერების შეფარებაა.

პომპეომ ასევე აღნიშნა ვენესუელას პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მიმართ კუბის მხარდაჭერა. პომპეოს თანახმად, ამ მხარდაჭერამ ხელი შეუწყო სოციალისტ ლიდერს, გაეძლიერებინა თავისი ძალაუფლება და ვენესუელაში საერთაშორისო ტერორისტებისთვის ხელსაყრელი გარემო შეექმნა.

"ამ მოქმედებით ჩვენ კიდევ ერთხელ გავხდით კუბის მთავრობას ანგარიშვალდებულს და გავგზავნით ნათელ გზავნილს: კასტროს რეჟიმმა უნდა დაასრულოს საერთაშორისო ტერორიზმის მხარდაჭერა და აშშ-ს მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა". – ნათქვამია პომპეოს განცხადებაში.

ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფოების სიაში შეყვანის საფუძველზე აიკრძალება აშშ-ს მიერ კუბისთვის ეკონომიკური დახმარების გაცემა, იარაღით ვაჭრობა. შეზღუდვები ასევე ითვალისწინებს აშშ-ს მოვალეობას, შეეწინააღმდეგოს კუბისთვის სესხების გაცემას ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, როგორიცაა მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი. თუმცა ამ შეზღუდვების უმეტესობა ისედაც მოქმედებდა ან დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში გამკაცრდა. ეკონომიკური ემბარგო, რომელიც აშშ-ს კუბაზე აქვს დადებული, ათწლეულებია ძალაშია და მისი მოხსნა მხოლოდ კონგრესს შეუძლია.

კუბის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბრუნო როდრიგესმა, აშშ-ს გადაწყვეტილება გააკრიტიკა.

"ჩვენ ვგმობთ აშშ-ს ცინიკურ გადაწყვეტილებას, დაასახელოს კუბა ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ. აშშ-ს პოლიტიკური ოპორტუნიზმს ხედავენ ისინი, ვისაც გულწრფელად აშფოთებს ტერორიზმის შოლტი". – წერს როდრიგესი Twitter-ზე.

ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფოების სიიდან კუბა ბარაკ ობამამ 2015 წელს ამოღო, რაც იმ პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დათბობისთვის. დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის პოსტის დაკავებიდან მალევე გაამკაცრა პოლიტიკა კუბის მიმართ. გამკაცრდა შეზღუდვები ორ ქვეყანას შორის გადაადგილებაზე და დაწესდა სანქციები კუბისთვის ვენესუელის ნავთობის მიწოდებაზე. ტრამპის პოლიტიკა კუბელ-ამერიკელებს შორის პოპულარული იყო.

საპრეზიდენტო კამპანიის დროს ჯო ბაიდენმა თქვა, რომ შეცვლიდა ტრამპის პოლიტიკას კუბის მიმართ, რომელმაც დააზარალა კუბელი ხალხი და არაფერი გაუკეთებია დემოკრატიისა და ადმიანის უფლებების წინსვლისთვის.

ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფოების სიაში კუბის დაბრუნების გადაწყვეტილების მიღება ხანგრძლივი, რამდენიმეთვიანი პროცესი იყო, თუ ბაიდენი გადაწყვეტილების შეცვლას მოინდომებს, სავარაუდოა, რომ პროცესი ისევ დროში იქნება გაწელილი. ძალაუფლების გადაცემის ბაიდენის გუნდის თანახმად, ისინი ყურადღებით აკვირდებიან მოქმედი პრეზიდენტის ვადის მიწურულს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

კომენტარები