აშშ

FBI-მ ინაუგურაციის წინ შესაძლო შეიარაღებულ პროტესტებთან დაკავშირებით გაფრთხილება გასცა

Reuters

აშშ-ს ფედერალური გამოძიების ბიურომ არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე ვაშინგტონსა და ქვეყნის მასშტაბით შესაძლო შეიარაღებული პროტესტების შესახებ გაფრთხილება გასცა. გაფრთხილება ძალაში, სულ მცირე, ინაუგურაციის დღემდე იქნება.

"ჩვენი ყურადღება ფოკუსირებულია იმ პირების გამოსავლენად და გამოსაძიებლად, რომლებიც აღვივებენ ძალადობას და ჩაბმულნი არიან კრიმინალურ საქმიანობაში. როგორც ყოველთვის, ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას პოტენციური საფრთხის გამოსავლენად და ვუზიარებთ ამ ინფორმაციას ჩვენს პარტნიორებს". – აღნიშნულია FBI-ს განცხადებაში.

აშშ-ს დედაქალაქის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ეროვნულმა გვარდიამ ვაშინგტონში 15 000-მდე სამართალდამცველის მობილიზების უფლება მიიღო. გარდა ამისა,  24 იანვრამდე ტურისტებისთვის დაიხურა ვაშინგტონის მონუმენტი.

ვაშინგტონის მონუმენტის დახურვა მნახველებისთვის ვაშინგტონის მერმა, მიურიელ ბოუზერმა, მოითხოვა. ბოუზერმა შინაგანი უსაფრთხოების მდივანს, ჩად ვულფს, მისწერა და სთხოვა, განსაკუთრებული ეროვნული უშიშროების ღონისძიების პერიოდი გაეხანგრძლივებინა და ორშაბათიდან დაეწყო. ჩად ვულფის თანახმად, საიდუმლო სამსახური ინაუგურაციისთვის მზადებას 19 იანვრის ნაცვლად ოთხშაბათიდან, 13 იანვრიდან დაიწყებს.

ეროვნული გვარდიის ბიუროს თავმჯდომარე, გენერალი დენიელ ჰოკანსონის თანახმად, შაბათისთვის ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის 10 000 წევრი იქნებოდა უსაფრთხოების, ლოჯისტიკისა და კომუნიკაციების უზრუნველსაყოფად. თუ ადგილობრივი ხელისუფლებისგან მოთხოვნა იქნება, დედაქალაქში ეროვნული გვარდიის ძალების რაოდენობა, შესაძლოა, 15 000-მდე გაიზარდოს.

არჩეულმა პრეზიდენტმა ინაუგურაციასთან დაკავშირებით თქვა, რომ არ ეშინოდა ღია ცის ქვეშ ფიცის დადების, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელი იყო ადამიანები, რომლებიც ამბოხისკენ მოწოდებებს აკეთებდნენ, ემუქრებოდნენ სხვების სიცოცხლეს, აზიანებდნენ საჯარო საკუთრებას და გამოიწვიეს დიდი ზარალი, დასჯილიყვნენ.

მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე დასწრებას არ აპირებს, რასაც ბაიდენი დადებითად შეხვდა.

20 იანვრის ინაუგურაციისთვის ვაშინგტონში უსაფრთხოების ზომების გამკაცრება დაკავშირებულია 6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერების კაპიტოლიუმში შეჭრასთან, როდესაც იქ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების სერტიფიცირების პროცესი მიმდინარეობდა. ტრამპის მხარდამჭერები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. პოლიციას წესრიგის აღსადგენად რამდენიმე საათი დასჭირდა. დაპირისპირების შედეგად დაიღუპა 4 დემონსტრანტი და ერთი პოლიციელი.

6 იანვარს კაპიტოლიუმში დონალდ ტრამპის მხარდამჭერების შეჭრის შემდეგ გახშირდა პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ მოწოდებები. აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატიული პარტიის უმრავლესობამ მოქმედი რეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის, რეზოლუციის ტექსტი გამოაქვეყნა. რომლის თანახმადაც, დონალდ ტრამპი თავის მოქმედებებით აქეზებდა აჯანყებას, რითიც მან სეროზული საფრთხე შეუქმნა აშშ-ს უსაფრთხოებასა და სახელმწიფოს ინსტიტუტების სტაბილურობას.

კომენტარები