ჩრდილოეთ კორეაში მმართველი შრომის პარტიის ყრილობა მიმდინარეობს. კონგრესი მეექვსე დღეა, გრძელდება. ჩრდილოეთ კორეის დიქტატორმა, კიმ ჩენ ინმა საკუთარი თავი თავმჯდომარიდან გენერალურ მდივნად დააწინაურა. ეს პოსტი ეკავათ მის წინამორბედებს, მამასა და ბაბუასაც.
ამასთანავე, მან დააქვეითა საკუთარი უმცროსი და, კიმ იო ჯონგი. ის პოლიტბიუროს წევრად აღარ დასახელდა. ამ დრომდე კიმ იო ჯონგი პოლიტბიუროს ალტერნატიული წევრი იყო და ფიქრობდნენ, რომ ყრილობაზე მას დააწინაურებდნენ და სრულფასოვანი წევრი გახდებოდა.
ის კვლავ რჩება ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო დეპარტამენტის (სხვაგვარად კი პროპაგანდისა და აგიტაციის დეპარტამენტის) დირექტორის მოადგილედ.
ყრილობაზე კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ ჩავარდა 5-წლიანი ეკონომიკური გეგმა, რომელიც 2016 წელს წარადგინეს. მისი თქმით, გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს ვერცერთ სექტორში ვერ მიაღწიეს.
ამაში კიმ ჩენ ინი საერთაშორისო სანქციებს, მოულოდნელ კრიზისებს, მათ შორის პანდემიას და ბუნებრივ კატასტროფებს ადანაშაულებს. მან ასევე გააკრიტიკა ოფიციალური პირები და მათი შეცდომების გამოსწორების აუცილებლობაზე ისაუბრა. ჩრდილოეთ კორეის დიქტატორს სურს, ქვეყანა ნაკლებად იყოს დამოკიდებული იმპორტზე და ამისათვის თითქმის ყველა პროდუქტი თავად აწარმოონ.
გარდა ამისა, მან ისაუბრა აშშ-სთან ურთიერთობებზეც და თქვა, რომ ის ჩრდილოეთ კორეის "უდიდესი მტერია".
"ჩვენი საგარეო პოლიტიკური მოქმედებები მიმართული უნდა იყოს აშშ-ს, ჩვენი უდიდესი მტრის და ინოვაციური განვითარების გზაზე მთავარი დაბრკოლების დასაძლევად. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მოვა აშშ-ს ხელისუფლებაში, აშშ-ს ჭეშმარიტი ბუნება და ფუნდამენტალისტური პოლიტიკა ჩრდილოეთ კორეის მიმართ არასოდეს შეიცვლება". –თქვა მან და პირობა დადო, რომ გააღრმავებს თანამშრომლობას "ანტიიმპერიალისტურ და დამოუკიდებელ ძალებთან".