კორონავირუსი საქართველოში

თურნავა შეზღუდვებზე: პირველ თებერვლამდე ვტოვებთ დღევანდელ რეჟიმს

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, კორონავირუსის მესამე ტალღის საშიშროებისგან გამომდინარე, დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივება 2021 წლის პირველ თებერვლამდე იგეგმება. ამის შესახებ მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

"იმის გათვალისწინებით, რომ მესამე ტალღის საშიშროება არსებობს, როგორც ამას ვხედვათ ევროპაში, პირველ თებერვლამდე ვტოვებთ დღევანდელ რეჟიმს, რაც ყველა აქამდე შეზღუდული აქტივობის იგივე რეჟიმში გაგრძელებას გულისხმობს". - ამბობს თურნავა.

28 ნოემბრიდან საქართველოში არაერთი შეზღუდვაა დაწესებული, რასაც მთავრობა "წერტილოვანს" უწოდებს. გაჩერებულია საზოგადოებრივი და საქალაქთშორისო ტრანსპორტი, ასევე, კვების ობიექტები, არასასურსათო მაღაზიები, ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები.

ქვეყანაში მოქმედებს კომენდანტის საათი, რომელიც გამონაკლისის სახით მხოლოდ 31 დეკემბრის და 6 იანვრის ღამით მოიხსნა. 

გარდა ამისა, სექტემბრიდან აკრძალულია ქორწილების, ნათლობების, ქელეხების და მსგავსი ღონისძიებების გამართვა. დისტანციურად გაგრძელდა სწავლა სკოლებში, დაკეტილია საბავშვო ბაღები.

მარტის შემდეგ, შეზღუდვებია დაწესებული რეგულარულ ფრენებზე, რამდენიმე თვეა, ავიაკომპანიებს მხოლოდ 14 მიმართულებით შეუძლიათ რეისების შესრულება. ეკონომიკის მინისტრი რამდენიმე კვირის წინ ირწმუნებოდა, რომ თებერვლიდან საჰაერო ფრენებზე ყველა შეზღუდვას მოხსნიან, თუმცა, ამ ეტაპზე დაზუსტებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნასაც ვერ პირდება საზოგადოებას.

კომენტარები