ღავთაძე: საპატრიარქომ იოანე გამრეკელის დაცვა არჩია ეკლესიისა და სახელმწიფოს დაცვას

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე (ანუ საპატრიარქო) ამბობს, რომ მათ უკვე ყველაფერი განმარტეს მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის ანტისემიტურ ქადაგებასთან დაკავშირებით და არც ბოდიშის მოხდას აპირებენ (მისი განცხადება იხილეთ კომენტარში).

გარდა იმისა, რომ ანტისემიტიზმის გამართლება, მიჩქმალვა, ხელის დაფარება ძალიან უღირსი საქციელია, საპატრიარქომ იოანე გამრეკელის ბოლომდე დაცვა არჩია ეკლესიისა და სახელმწიფოს ავტორიტეტის დაცვას.

ისინი კვლავ მანიპულირებენ ისრაელის ელჩის, რან გიდორის განცხადებებით. დეკანოზ ჯაღმაიძის თქმით, იოანე გამრეკელი "შეხვდა ისრაელის ელჩს საქართველოში და იქ ყველაფერი იყო ცხადი". არადა ელჩმა, ანუ ისრაელის სახელმწიფომ, ერთხელ კი არა, სამჯერ თქვა, რომ იოანე გამრეკელის ქადაგება პრობლემურია და მოუწოდა როგორც ეკლესიას, ისე სახელმწიფოს, კრიტიკულად შეაფასონ ეს ფაქტები.

როგორც ჩანს, დეკანოზი ილია კარკაძე უფრო ადვილად "გაწირა" საპატრიარქომ, მაგრამ მიტროპოლიტ გამრეკელს ვერ თმობს. ხომ გახსოვთ, რომ გვითხრეს, დეკანოზ ილია კარკაძის ქადაგება ანტისემიტური იყო და ნანობს თავის საქციელსო. გგონიათ, მართლა ნანობს?

გუშინ დეკანომზა ილია კარკაძემ განმარტება გააკეთა და თქვა, რამეს კი არ ვიგონებო, რაც რეალობაა იმას ვსაუბრობო. ამბობს, რომ თავისი თანაკლასელი თემური უყვარს ებრაელებში და ბაღდათში მურთაზი, ზაზა და ნინოც. ჩვენი ებრაელები არ არიან ცუდებიო, სიონისტებს არ გვანანო და ისევ თავისი ავტორიტეტი, სტალინი დაიმოწმა, სტალინმა ხრუშოვს უთხრა ებრაელებს ნუ ებრძვი, სიონისტებს ებრძოლეო. გურიასაც ახსენებს, მანდ "ენრაოდენობით" ცხოვრობდნენო და ამიტომ ქვია გ-ურიაო. ბოლოს ხსნის, რატომ გააკეთა ეს განმარტება - მის თანაკლასელს და მეგობრებს რომ არ წყენოდათ. ნანობს ახლა ის რამეს? (დეკანოზ ილია კარკაძის განმარტება იხილეთ კომენტარში).

უკვე მესამე კვირაა, ვხედავთ უტიფარ უარყოფას, რომ მიტროპოლიტ იოანეს ქადაგება არ ყოფილა პრობლემური. არადა მისმა ქადაგებამ მარტო დეკანოზ ილიაში არ გააღვიძა ანტისემიტიზმი. მისი ქადაგების შემდეგ გაივსო სოციალური ქსელები საშინელი, სამარცხვინო და საშიში ანტისემიტური კომენტარებით. ეს პირდაპირ წაქეზებაა, სიძულვილის გაღვივებაა.

ვისმენთ ეს პერიოდი სადღეგრძელოებსაც, როგორ არასდროს ყოფილა საქართველოში ანტისემიტიზმი. ან ეკლესიას, ან ისრაელში საქართველოს ელჩ ჟვანიას, ან საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკანიანს ახსოვთ ვიტალი საფაროვი? 25 წლის არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც 2018 წელს თბილისის ცენტრში ზუსტად რომ ანტისემიტური მოტივით მოკლეს.

წერს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) წარმომადგენელი, მაკო ღავთაძე.

კომენტარები