ანტისემიტიზმი ეკლესიაში

TDI: მიტროპოლიტმა იოანემ ბოდიში უნდა მოიხადოს ანტისემიტური შინაარსის განცხადებებისთვის

საქართველოს საპატრიარქო

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)  მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც აღნიშნულია, რომ დეკანოზ ილია კარკაძის 4 იანვრის ქადაგება “სრულად წარმოადგენს უსაფუძვლო ბრალდებებს ებრაელი ერის ან ცალკეული წარმომადგენლების მიმართ. არ ეფუძნება ეკლესიის სწავლებას და გამსჭვალულია ანტისემიტური პათოსით”. 

მიტროპოლიტი აღნიშნავს იმასაც, რომ მან დეკანოზ ილია კარკაძეს შენიშვნა გამოუცხადა და რომ დეკანოზი წუხს ნათქვამი სიტყვების გამო.

TDI მიიჩნევს, რომ აღნიშნული რეაგირება არასაკმარისია ეკლესიაში არსებული ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის პრობლემის დასაძლევად. 

"მივესალმებით მიტროპოლიტის მიერ დეკანოზ ილია კარკაძის ანტისემიტური განცხადებების კრიტიკულად შეფასებას და მივიჩნევთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გადადგმული პირველი სწორი ნაბიჯია. თუმცა, ამავდროულად, ვთვლით, რომ აღნიშნული რეაგირება არასაკმარისია ეკლესიაში არსებული ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის პრობლემის დასაძლევად. სწორედ მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის 20 დეკემბრის ქადაგებამ დაუდო საფუძველი ანტისემიტიზმის ახალ ტალღას, რასაც შემდეგ დეკანოზ ილია კარკაძის განცხადებები მოჰყვა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მიტროპოლიტმა იოანემ შეაფასოს საკუთარი ქადაგების პრობლემურობაც და ბოდიში მოიხადოს ანტისემიტური შინაარსის განცხადებებისთვის.

ამავდროულად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს, ეკლესიის სახელით მკაფიო პოზიცია გამოხატოს მიტროპოლიტ იოანესა და დეკანოზ ილიას ანტისემიტურ განცხადებებთან დაკავშირებით და კრიტიკულად შეაფასოს ისინი; დაგმოს ანტისემიტიზმი და ებრაელებისა და უფლებადამცველების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება და გაავრცელოს ტოლერანტობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, დისკრიმინაციის აკრძალვის მხარდამჭერი განცხადებები". - წერია განცხადებაში. 

ქუთაის-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე, მისივე დაქვემდებარებაში მყოფი მღვდლის, ილია კარკაძის ქადაგებას გამოეხმაურა და მას "ანტისემიტური პათოსის" უწოდა. 

ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის მსგავსად, ანტისემიტურად შეფასებული ქადაგება წარმოთქვა. 

ქადაგებაში დეკანოზი ილია გამოეხმაურა მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის ქადაგებას, რომლის გამოც ის არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს. მღვდელი ამბობს, რომ არის სიონისტური დაჯგუფებები, რომლებიც "მიწიური პროცესიდან არაკეთილი ძალის მხარეს დგას", თუმცა, ასევე არიან მოსეს რჯულის ებრაელებიც, რომლებიც მათ "არ ერწყმიან".

დეკანოზი მიიჩნევს, რომ მიტროპოლიტი ფაქტებს ამბობდა და ამის გამო მას ანტისემიტიზმი დასწამეს. 

კომენტარები