კორონავირუსი საპატრიარქოში

პირადი ექიმი: შეიძლება, დაისვას პატრიარქისთვის ტესტის გაკეთების საკითხი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პირადი ექიმის, ცისანა შარტავას თქმით, შესაძლოა, ილია მეორეს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდეს, მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქის მდივან-რეფერანტს, შორენა თეთრუაშვილს მასთან შეხება არ ჰქონია.  

"შეიძლება დაისვას პატრიარქისთვის ტესტის გაკეთების საკითხი, განიხილება ჯერ. ქალბატონ შორენას არ ჰქონდა მასთან შეხება, დისტანციურად იყო, მაგრამ მაინც სიფრთხილისთვის შეიძლება მოხდეს ესეც". - ამბობს ცისანა შარტავა.

ცისანა შარტავა ამბობს, რომ შორენა თეთრუაშვილის შუალედური პასუხი კორონავირუსის ტესტზე საეჭვო დადებითია და მას PCR ტესტირება უტარდება, რომელიც 15:00 საათისთვის დასრულდება და ამის შემდეგ გახდება ცნობილი საბოლოო პასუხი.

"პირველი საეჭვო დადებითი მოვიდა წუხელ გვიან, შორენა თეთრუაშვილს ეხება, აიღეს დღეს დილით PCR ტესტზე ანალიზი და 3-ის ნახევრიდან 3-მდე იქნება პასუხი. დისტანციურად იმყოფებოდა და არ იყო იქ ისეთი სიტუაცია, იყვნენ ეპიდემოლოგები, წარმომადგენლები და ისინი შეაფასებენ ყველაფერ ამ სიტუაციას, პროფესიონალები იტყვიან სათქმელს". - თქვა პატრიარქის პირადმა ექიმმა.

მეუფე ანტონი კორონავირუსით არის ინფიცირებული, შორენა თეთრუაშვილის ინფიცირების შესახებ კი ანდრია ჯაღმაიძემ ტაბულას გუშინ დაუდასტურა. თუმცა, მოგვიანებით მოგვწერა: "ცოტა არაზუსტად მოგაწოდეთ ინფორმაცია, როგორც დავაზუსტე, ოფიციალური პასუხი ჯერ არ ყოფილა" და, მისივე სიტყვებით, თეთრუაშვილი ინფიცირებულთან კონტაქტის გამო იზოლაციაშია.

"იზოლაციაშია [შორენა თეთრუაშვილი], სანამ დაზუსტდება ყველაფერი, განმეორებითს ელოდებიან, რომ დაუდგინონ, თუკი აქვს, რა ხარისხში აქვს. 

მეუფე ანტონსაც სრულებით შემთხვევით დაუდგინდა. მეუფე ანტონი არ მინახავს ამ ბოლო დროს საპატრიარქოში, ახლა აპირებდა მოსვლას და ვერ შევიდა, არ შევიდა... პატრიარქს არ შეხვედრია. შორენაც ახლოს მისული არ მინახავს პატრიარქთან". - ამბობს მეუფე ნიკოლოზი ფორმულასთან სატელეფონო ინტერვიუში.

თუმცა, იმას, რომ შორენა თეთრუაშვილს პატრიარქთან ახლო კონტაქტი ჰქონდა, მოწმობს ილია მეორის დაბადების დღეზე გავრცელებული კადრები. შორენა თეთრუაშვილი ამ დღეს საქართველოს საპატრიარქოში დიასახლისობდა. ის ვიდეოში 4:00 წუთიდან ჩანს.

კომენტარები