კორონავირუსი საპატრიარქოში

შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, ის პატრიარქის დაბადების დღეზე დიასახლისობდა

კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას საქართველოს საპატრიარქოში დაუდასტურეს.

4 იანვარს, შორენა თეთრუაშვილი პატრიარქის დაბადების დღეზე მასთან მცირე დისტანციაზე იმყოფებოდა. შორენა თეთრუაშვილი პატრიარქის სიახლოვეს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, 4:00-წუთიდან.

თეთრუაშვილი პატრიარქის უახლოესი გარემოცვის წევრია და 88 წლის პატრიარქთან სისტემატური შეხება აქვს. 

ამასთან, შესაძლოა, სწორედ ამ მიზეზით არ გამოქვეყნდა პატრიარქის საშობაო ეპისტოლე, რადგან მისი მომზადება შედის მდივან-რეფერენტის მოვალეობებში.

განახლება

საქართველოს საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, მას მერე, რაც შორენა თეთრუაშვილის ინფიცირების შესახებ ცნობა ტაბულას დაუდასტურა, მოგვწერა, რომ ოფიციალური პასუხი არ არის.

"ცოტა არაზუსტად მოგაწოდეთ ინფორმაცია, როგორც დავაზუსტე, ოფიციალური პასუხი ჯერ არ ყოფილა. ანუ მას ჰქონდა შეხება ადამიანთან, რომელსაც აღმოაჩნდა კორონა და თავად მას აღმოაჩნდა სიმპტომები. ეხლა იზოლაციაშია, ანალიზის პასუხი იქნება ხვალ", - მოსწერა ტაბულას დეკანოზმა ჯაღმაიძემ.

კომენტარები