კორონავირუსი იაპონიაში

COVID-19-ის შემთხვევების ზრდის გამო ტოკიოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

იაპონიის პრემიერმინისტრმა იოშიჰიდე სუგამ ქვეყანაში COVID-19-ის შემთხვევების ზრდის გამო ტოკიოსა და დედაქალაქის მეზობელ სამ პრეფექტურაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. პანდემიის დაწყების შემდეგ კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა იაპონიაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

საგანგებო მდგომარეობა ძალაში, პარასკევს, 8 იანვარს შევა და 2 თებერვლამდე გაგრძელდება. ის ტოკიოში და ჩიბას, საიტამას და კანაგავას პრეფექტურებში იმოქმედებს. 

კომპანიებს მოუწევთ, ოფისში მუშაობა 70%-ით შეამცირონ და თანამშრომლები დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადაიყვანონ. სპორტული ღონისძიებების ჩატარება შესაძლებელი მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის მაყურებლების დასწრებით გახდება შესაძლებელი. რესტორნები და ბარები 8 საათისთვის დაიკეტება. სამუშაო საათების შემცირების გამო ხელისუფლება რესტორნებს თვეში 17 400 დოლარამდე თანხით დაეხმარება. შეზღუდვების გამკაცრების მიუხედავად სასწავლო პროცესი არ შეწყდება.

პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშები ივლისში ჩატარდება. 

კორონავირუსიы გავრცელების შესაფერხებლად საგანგებო მდგომარეობა იაპონიაში პირველად გასული წლის გაზაფხულზე გამოცხადდა და ერთ თვეы გაგრძელდა.

ამჯერად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ინფექციის შემთხვევბის სწრაფ ზრდასთან არის დაკავშირებული.

ოთხშაბათს იაპონიაში Covid-19-ის 5 953 ახალი შემთხვევა აღირიცხა და რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ასევე ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ინფიცირების დღიური ახალი შემთხვევების რიცხვი 5000-ს გადასცდა. მთლიანობაში იაპონიაში კორონავირუსის 252 317 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 719 ადამიანი.

კომენტარები