კორონავირუსი იაპონიაში

The Economist: იაპონიის მთავრობას Covid-19-ის სხვებზე უკეთ ესმის

Eyevine

G7-ის ქვეყნებს შორის იაპონიაში კორონავირუსის პანდემია ყველაზე მსუბუქად მიმდინარეობს. 126.5 მილიონიან ქვეყანაში COVID-19-ით 3 252 ადამიანი გარდაიცვალა, მილიონ მოსახლეზე იაპონიაში კორონავირუსით 26 ადამიანი კვდება, შედარებისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში იგივე მაჩვენებელი 1 034-ია. ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, იაპონია პანდემიას საყოველთაო ჩაკეტვის, მკაცრი კარანტინისა და მასობრივი ტესტირების გარეშე უმკლავდება. 

მთავრობის მრჩეველთაგან ერთ-ერთი ვირუსოლოგის, ჰიტოში ოშიტანის თანახმად, იაპონიის მიზანი ვირუსის გავრცელების შეჩერება არ ყოფილა. როგორც ოშიტანი აღნიშნავს, ამისთვის საჭირო იქნებოდა ყველა შესაძლო შემთხვევის გამოვლენა, რაც იაპონიის ზომის ქვეყანაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა შემთხვევების უმეტესობაში ვირუსი უსიმპტომოდ ან მსუბუქად ვლინდება, პრაქტიკულად შეუძლებელია. G7-ს ქვეყნებს შორის იაპონიაში კორონავირუსზე ყველაზე ცოტა ტესტი კეთდება, საშუალოდ, დღეში მილიონ ადამიანზე 270 ტესტი. შედარებისთვის, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში მილიონ მოსახლეზე, დაახლოებით, 4000 ტესტი კეთდება.  

პანდემიასთან ბრძოლაში იაპონიის მთავარი სტრატეგია სან-მიცუსგან – ინფექციის გავრცელების სამი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორისგან თავის არიდება იყო. სან-მიცუში შედის: დახურული სივრცეები, ხალხმრავალი სივრცეები და სივრცეები, სადაც ადამიანებს შორის ახლო კონტაქტია. სიტყვა სან-მიცუ იაპონურ ტრადიციულ და სოციალურ მედიაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი გახდა. გაზაფხულზე ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის უმეტესობა მთავრობის რეკომენდაციას იცავდა და სან-მიცუს თავს არიდებდა.

იმის ნაცვლად, რომ ორ უკიდურესობას, მკაცრ ჩაკეტვასა და სრულ გახსნილობას შორის გაეკეთებინა არჩევანი, იაპონიის მთავრობამ მოზომილი მიდგომა არჩია და შეზღუდვების შემოღების საჭიროებას რისკების შეფასებით განსაზღვრავდა. მკვლევარებმა გამოიყენეს მსოფლიოს უსწრაფესი სუპერკომპიუტერი, ფუგაკუ, რათა შეექმნათ სხვადასხვა სიტუაციების მოდელები, რამაც ვირუსის გავრცელების რისკების შეფასების საშუალება მისცათ. მაგალითისთვის, მეტროში, ხალხმრავლობის დროს ვირუსის გავრცელების შანსები ნაკლებია, თუ მატარებლის ფანჯარა ღიაა, ხოლო მგზავრებს ნიღბები უკეთიათ. ერთმანეთისგან დიაგონალზე ჯდომა, პირისპირ ჯდომასთან შედარებით ვირუსის გავრცელებას 75%-ით ამცირებს. კინოთეატრებში ვირუსის გავრცელების შანსები საკმაოდ დაბალია, იმ შემთხვევებშიც კი, როცა მაყურებლები პოპკორნის ჭამით არიან გართული.   

სან-მიცუს, ინფექციის გავრცელების სამი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორის გარდა, იაპონიაში გამოყოფილია პანდემიასთან დაკავშირებული კიდევ 5 საფრთხე: შეკრებებზე ალკოჰოლის მიღება, 4 ადამიანზე უფრო მეტის ერთად სადილობა, ვიწრო სივრცეში უნიღბოდ საუბარი, საერთო საცხოვრებლებში ცხოვრება, გასახდელებისა და შესვენების ოთახების გამოყენება. 

მთავრობის რეკომენდაციები კანონის ძალას არ ატარებს, თუმცა საზოგადოება მათ აქტიურად ითვალისწინებს.

"ხანდახან გვაკრიტიკებენ, რომ ჩვენი საზოგადოება ზედმეტად ერთგვაროვანია, მაგრამ, ვფიქრობ, ამჯერად ამან პოზიტიური როლი ითამაშა". – აღნიშნავს იასუტოში ნიშიმურა, იაპონიის ეკონომიკის მინისტრი, რომელიც ქვეყანაში მთავრობის მიერ პანდემიასთან დაკავშირებული პოლიტიკის გატარებას ზედამხედველობს.

მიუხედავად იმისა, რომ იაპონიის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ხანდაზმულია და მაღალ რისკჯგუფად ითვლება, ქვეყნის მოსახლეობა მთლიანობაში ძალიან ჯანმრთელია. ზრდასრული იაპონელების მხოლოდ 4.2%-ს აქვს ჭარბი წონის პრობლემა, ჭარბი წონა კი დაავადების დამძიმების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია. იაპონიის კარგი ჯანდაცვის სისტემა არამხოლოდ ხელმისაწვდომია მოსახლეობისთვის, არამედ გამოირჩევა კარგად აღჭურვილი საავადმყოფოების სისტემით.

ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში, ბოლო კვირებში, იაპონიაშიც გაიზარდა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი. მთავრობის გადაწყვეტილებით, პანდემიასთან ბრძოლაში იაპონიის თავდაცვის ძალების მედმუშაკებიც ჩაერთვნენ და კვლავ შეიზღუდა ქვეყნის შიდა ტურიზმი, თუმცა, სხვა ქვეყნებისგან შედარებით, პანდემია იაპონიაში კვლავ უფრო მსუბუქად მიმდინარეობს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 220 236 შემთხვევა გამოვლინდა და 3 252 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები