კატარი

კატარსა და 4 არაბულ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღდგა

კატარსა და სპარსეთის ყურის 4 არაბულ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღდგა. მათ კატარისათვის 3 წლის წინ დაწესებული ემბარგო მოხსნეს.

ამის შესახებ განცხადება საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. მისი თქმით, მხარეები ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს სამიტზე შეთანხმდნენ, გვერდზე გადადონ განსხვავებები.

განცხადებამდე საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე მუჰამედ ბინ სალმანი კატარის ემირს შეხვდა.

"დღეს სასიცოცხლოდ აუცილებელია, გავაერთიანოთ ჩვენი ძალები რეგიონში არსებული გამოწვევების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ირანის რეჟიმის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის და საბოტაჟისა და ნგრევის მისეული გეგმების წინააღმდეგ". – თქვა მუჰამედ ბინ სალმანმა.

საუდის არაბეთი კატარს გაუხსნის როგორც სახმელეთო საზღვრებს, ასევე საჰაერო სივრცეს.

2017 წელს კატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ბაჰრეინმა და ეგვიპტემ. მათ კატარი ტერორიზმის დაფინანსებაში დაადანაშაულეს. კატარი ბრალდებებს უარყოფდა და ბლოკადის დასრულებისათვის წაყენებული პირობების შესრულებაზე უარს ამბობდა. პირობებს შორის იყო კატარული მედიის, ალ-ჯაზირას დახურვა, ირანთან ურთიერთობების გაწყვეტა და ქვეყანაში განთავსებული თურქული სამხედრო ბაზის დახურვა. ასევე, კატარს მოსთხოვეს დაესრულებინა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევა.

უკანასკნელ თვეებში ქვეყნებს შორის ურთიერთობის აღდგენისათვის მოლაპარაკებები ქუვეითისა და აშშ-ს შუამავლობით მიმდინარეობდა.

კომენტარები