ხანძარი

საგანგებო: გორში, ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, გორში, ტანსაცმლისა და შერეული საქონლის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

"მეხანძრე-მაშველებმა რამდენიმესაათიანი, უწყვეტი მუშაობის შედეგად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება. ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები. ცეცხლის გავრცელების საფრთხე მოხსნილია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია 15 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ასევე, ყველა შესაბამისი სამსახური" - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

გორის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, ბაზარი დაკეტილი და ზარალი "დიდი არ უნდა იყოს".

"მე ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ დაახლოებით 100 მოვაჭრე იყო, მაგრამ პანდემიის გამო მათ გატანილი ჰქონდათ თავისი საქონელი და მე მგონია, რომ ზარალი ძალიან დიდი არ უნდა იყოს. გაირკვევა ყველაფერი. დაშავებული არავინ არაა“, - თქვა მან TV პირველის ეთერში.

 გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე  მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

კომენტარები