მკვლელობა თელავში

თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაზე პოლიციელს ბრალი წარუდგინეს – საქმის დეტალები

ვანო ზანდარაშვილი
მთავარი არხი

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. 

ვანო ზანდარაშვილს პროკურატურა განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება. პროკურატურის ცნობით, 25 დეკემბერს, ღამის საათებში თელავის რაიონის სოფელ იყალთოს ცენტრში შსს-ს თელავის რაიონული სამმართველოს მფლობელობაში არსებულ მანქანაში ვანო ზანდარაშვილსა და ექიმ ზურაბ საჩიშვილს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა.

პროკურატურის ცნობით, შელაპარაკების ფონზე ვანო ზანდარაშვილმა, "შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მის სახელზე გაპიროვნებული სამსახურებრივი-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან ზ.ს.-ს ახლო მანძილიდან დამიზნებით რამდენჯერმე ესროლა". 

როგორც პროკურატურა განცხადებაში წერს, მიყენებული ჭრილობების შედეგად, ზურაბ საჩიშვილი ადგილზე გარდაიცვალა. 

"ასევე ვ.ზ.-ს მიერ განხორციელებული სროლის შედეგად ერთი ტყვია ხელის არეში მოხვდა ავტომანქანაში ზ.ს.-ს გვერდით მჯდომ ლ.ბ.-ს, რითაც მას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიადგა.  
ვ.ზ. 26 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე  (განზრახ მკვლელობა) და 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

პროკურატურამ, ბრალდებული ვ.ზ.-ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა". – წერია განცხადებაში. 

კომენტარები