აშშ-ს თავდაცვის აქტი

ტრამპმა აშშ-ს 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტის კანონს ვეტო დაადო

დონალდ ტრამპი

აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვეტო დაადო აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტს, რომელიც კონგრესმა მიმდინარე თვეს დაამტკიცა.

ტრამპმა ვეტოს მიზეზად დაასახელა პუნქტები, რომლითაც იზღუდება ავღანეთიდან და ევროპიდან ამერიკელი სამხედროების გამოყვანა და ასევე ჩნდება ამერიკული სამხედრო ბაზებისათვის კონფედერაციული შტატების ლიდერების სახელების შეცვლის შესაძლებლობა.

ტრამპს ასევე სურს კანონპროექტში მოხსენიებული იყოს სოციალური მედიის კომპანიები, კერძოდ მათ მოეხსნათ გარკვეული პასუხისმგებლობისგან დაცვის მექანიზმები.

მან კანონპროექტს უწოდა "საჩუქარი ჩინეთისა და რუსეთისათვის".

"სამწუხაროდ, აქტში არ არის ეროვნული უსაფრთხოებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები, თუმცა არის ისეთი პუნქტები, რომლებიც პატივს არ სცემს ჩვენს ვეტერანებს და ჩვენს სამხედრო ისტორიას. ის ეწინააღმდეგება ჩემი ადმინისტრაციის მცდელობებს დავაყენოთ ამერიკა პირველ ადგილზე". - თქვა მან.

კანონმდებლებს პრეზიდენტის ვეტოსთვის გვერდის ავლა შეუძლიათ, თუ კანონპროექტს მხარს კონგრესის ორივე პალატის 2/3 დაუჭერს.

თუ ეს არ მოხდება, პირველი შემთხვევა იქნება ბოლო 60 წლის განმავლობაში, როდესაც ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი კანონად არ იქცევა.

პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ ტრამპმა 8 კანონპროექტს დაადო ვეტო. მაშინ მას მხარს რესპუბლიკური პარტიის კონგრესმენები და სენატორებიც უჭერდნენ, ამჯერად კი მოსალოდნელია, რომ კანონპროექტი მოიპოვებს საკმარის მხარდაჭერას ტრამპის ვეტოსთვის გვერდის ასავლელად.

დოკუმენტის მიხედვით 2021 წელს აშშ-ს ბიუჯეტიდან თავდაცვაზე 740 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყოფა.

მასში საუბარია გერმანიაში აშშ-ს სამხედრო ძალების შემცირებაზე და აშშ-ში სამხედრო ბაზებისათვის კონფედერაციული შტატების გენერლების სახელის გადარქმევაზე.

დოკუმენტში კანონმდებლები მხარს უჭერენ გერმანიაში აშშ-ს ძალების დარჩენას. გარდა ამისა, თავდაცვის დეპარტამენტს არ შეეძლება სამხედრო ძალის შემცირება 34 500 ჯარისკაცზე ნაკლებ რაოდენობამდე სპეციალური ანგარიშის წარუდგენლად, სადაც შეფასებული უნდა იყოს შესაძლო შედეგები. ეს ეწინააღმდეგება ივლისში პენტაგონის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გერმანიაში მყოფი 36 000 ჯარისკაციდან 12 000-ის გამოყვანა იგეგმებოდა.

რაც შეეხება სამხედრო ბაზებისათვის სახელების შეცვლას, ტრამპმა აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს თქვა, რომ ეს საკითხი არც კი განიხილებოდა, თუმცა თავდაცვის ავტორიზიის აქტი ამის საშუალებას იძლევა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ამ საკითხს განიხილავს.

გარდა ამისა, დოკუმენტში არ არის ტრამპის მიერ მოთხოვნილი პუნქტი სოციალური მედიის კომპანიების თაობაზე, ვინაიდან, კანონმდებლებს მიაჩნიათ, რომ ამ საკითხს თავდაცვის ბიუჯეტთან საერთო არა აქვს.

კანონში გათვალისწინებულია თურქეთისათვის სანქციების დაწესება რუსეთისაგან S-400 ტიპის სარაკეტო სისტემის შეძენის გამო.

ის ასევე მოიცავს Nord Stream 2-ის და TURKSTREAM-ის გაზსადენების მშენებლობის გამო დაწესებულ სანქციებს. სანქციები დაუწესდებათ გაზსადენის მშენებლობაში ჩართულ კომპანიებს და ყველა სხვა კომპანიას, რომელიც ამ პროექტებთან არის დაკავშირებული.

ვეტოს დადების შემდეგ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ვაშინგტონიდან ფლორიდაში გაემგზავრნენ, სადაც შობას ტრამპის დასასვენებელ კომპლექსში მარ-ა-ლაგოში გაატარებენ.

 

კომენტარები