კორონავირუსი საქართველოში

კანდელაკი: დამკვიდრდა არაჯანსაღი მიდგომა, როცა გადაწყვეტილებებს იღებს ერთი ჩაკეტილი ჯგუფი

გიორგი კანდელაკი

ექიმ-ინფექციონისტმა გიორგი კანდელაკმა ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაციის სადამფუძნებლო ბრიფინგზე ისაუბრა საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და იმ პრობლემებზე, რაც არსებობს საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში.

კანდელაკის თქმით, გადაწყვეტილებები მიიღება ვიწრო წრეში და ექიმებს და დარგის სპეციალისტებს ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვის პროცესში ჩართვის და საკუთარი აზრების გაზიარების საშუალება არ ეძლევათ.

"საქართველოში დამკვიდრდა ეს უცნაური ერთი მხრივ და აბსოლუტურად არაჯანსაღი პარადიგმა, როდესაც ასეთი მნიშვნელობის გადაწყვეტილებები მიიღება ერთ ვიწრო, ჩაკეტილ ჯგუფში. ჩვენ პროფესიონალებს არ გვაქვს საშუალება ჩვენი შენიშვნები, ჩვენი კრიტიკული აზრი გამოვთქვათ. არ არის პლატფორმა, სადაც ინსტიტუციონალიზირებული იქნება აზრის გამოთქმა, მისი გაზიარება, კამათი და ანსაღი კტრიტიკა. ამის მაგივრად მსგავსი საქმიანობა ჩვენთან ინათლება როგორც დესტრუქციულ მოვლენად და რაღაც უცნაური ტერმინი დამკვიდრდა, რომ სხვა პროფესიონალებს არ სურთ სხვისი აშენებული საქართველო." – ამბობს კანდელაკი.

ექიმის აზრით, საჭიროა შეიქმნას პლატფორმა, სადაც სხვადასხვა პროფესიონალებს შეეძლებათ თავიანთი აზრის გამოთქმა და გადაწყვეტილებებს საერთო კონსენსუსის საფუძველზე მიიღებენ, რომელიც მეცნიერულ მტკიცებულებებზე იქნება დაფუძნებული.

"ჩვენი მთავარი აქტიურობის მიზანი უნდა იყოს, რომ შევქმნათ რაღაც პლატფორმა, სადაც ყველა იქნება წარმონდგენილი ერთი ხმით, ჩვენ გავარჩევთ სამედიცინო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს, ვიკამათებთ, განვსჯით და გადაწყვეტილებებს მივიღებთ ფართო კონსენსუსის საფუძველზე და არა ცალკეული ადამიანების პირადი გადაწყვეტილებების თუ პირადი სურვილების მიხედვით." – თქვა გიორგი კანდელაკმა.

ბოლ 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 51 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა ინფიცირების 2 345 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 560 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 14 457 ტესტი ჩატარდა. 

23 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 214 871 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 191 968 გამოჯანმრთელდა, 2 233 კი გარდაიცვალა. 

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

რა შეზღუდვები იხსნება 24 დეკემბრიდან - წაიკითხეთ აქ.

 

კომენტარები