
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ აშშ-ის კონგრესში განსახილველად ორი კანონპროექტი შევიდა: SOPA და PIPA. აბრევიატურების მოყვარულმა ამერიკელებმა ამ ტეტრაგრამატონებში ღმერთის სახელის ნაცვლად ინტერნეტის სიკვდილის ფორმულა ჩაშიფრეს. პირველი მათგანი, SOPA, იშიფრება, როგორც Stop Online Piracy Act და ინტერნეტში მობინადრე ჯეკბეღურების წინააღმდეგ გალაშქრებას ისახავს მიზნად. მეორე, PIPA, უფრო ვრცელ ვარიანტში Protect Intellectual Property Act, ინტელექტუალური საკუთრების დაცვისკენაა მიმართული. ამ ორი კანონპროექტის მთავარი სამიზნე გლობალურ აბლაბუდაში აუდიოვიზუალური და ტექსტუალური ინფორმაციის თავისუფალი გავრცელებაა, რითაც ყველაზე მეტად დიდი კორპორაციები იხეირებენ. ისინი აიძულებენ უბრალო მოკვდავებს იმ ინფორმაციაში ფულის გადახდას, რაც ამ უკანასკნელთ დღესდღეობით უფასოდ აქვთ.
ინტერნეტად წოდებული ნეიტრალური ტერიტორია, სადაც დღესდღეობით ხელჩართული ბრძოლაა გამართული, წარმოადგენს ადგილს, სადაც ოთხი განსხვავებული ტიპის ერთეული იყრის თავს: ინფორმაციის მწარმოებლები, ინფორმაციის მომხმარებლები, ინფორმაციის მიმწოდებლები და კანონმდებლები, რომელთაც პირველ სამს შორის ურთიერთობების და უფლება-მოვალეობების დარეგულირება ევალებათ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ბოლო დროს ინფორმაციის მწარმოებლებმა იძალეს და კანონმდებლებზე პირდაპირ თუ ირიბად ზემოქმედებას შეეცადნენ. ვიკიპედიის ერთი დღით ჩაბნელება კი სწორად ამ ზემოქმედების უკურეაქცია გახლდათ. ანუ ამ შემთხვევაში ინფორმაციის მიმწოდებლები შეეცადნენ ინფორმაციის მომხმარებლებზე ზემოქმედებას და მათი საშუალებით კანონმდებლების ჭკუაზე მოყვანას.

2012 წლის 18 იანვარი ისტორიაში შევიდა, როგორც დღე, როდესაც უმრავლესობამ გააცნობიერა ის საშიშროება, რომელიც შეიძლება რეალობად იქცეს, თუკი მსგავსი კანონპროექტები შევა ძალაში. ამიერიდან ყოველდღიურად, როცა Youtube-ზე საყვარელი ჯგუფის მორიგი ალბომით დავტკბებით, ან ინფორმაციის მისაღებად შევიხედავთ ვიკიპედიაში, გვეცოდინება, რომ ის სიკეთე, რომელსაც მოვიხმართ, შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს არ გვქონდეს და, შესაბამისად, გვემახსოვრება დღე, რომელმაც ინტერნეტი შეცვალა.





