დიდი მაესტროს დაბრუნება

რობერტ სტურუა
facebook.com/robert.sturua

“And enterprises of great pith and moment. With this regard their
currents turn awry, And lose the name of action”.
უილიამ შექსპირი


“ვინც კი ცხოვრებაში შემხვედრია ქართველი
დრამატურგებიდან, ყველაზე მეტად მომწონს ლაშა ბუღაძე”.
რობერტ სტურუა



მრავალწლიანი შესვენების შემდეგ, რობერტ სტურუამ კიდევ ერთხელ მოახერხა საზოგადოების აღელვება. მაშინ, როდესაც უკვე ყველას გვეგონა, რომ დიდი ქართველი რეჟისორი მის შემოქმედებას მონატრებულ მაყურებელს ახალს ვეღარაფერს შესთავაზებდა, ის კვლავ გამოჩნდა და საკუთარ თავზე აგვალაპარაკა. სტურუას ახალმა ნამუშევარმა ამჯერადაც დიდი ხმაური გამოიწვია. მის შესახებ ბევრს კამათობენ, მას განიხილავენ და სტატიებს უძღვნიან.

საბჭოთა კავშირისა და საქართველოს სახალხო არტისტმა, ამჯერად რუსთაველის თეატრის კარგად ნაცნობი სცენის ნაცვლად, სადაც მას ისეთი უკვდავი შედევრები აქვს დადგმული, როგორებიცაა “კავკასიური ცარცის წრე”, “რიჩარდ მესამე”, “მერე რა რომ სველია სველი იასამანი” და “ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და... პრეზიდენტი”, ასპარეზად საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის ინტერნეტგვერდი აირჩია და შეეცადა, კიდევ ერთხელ აეხადა ფარდა იმ უმსგავსოებისთვის, რომელიც დამახასიათებელია გარემომცველი სინამდვილისთვის.

რეჟისორი თამამად ამხელს პოლიციის გამჭვირვალე შენობებს თავისი სარდაფებით, სადაც ყველამ იცის რაც ხდება; გულისტკივილით შეჰყურებს “თურქულ ჩეჩმუსად ქცეულ” უგემოვნო ბათუმს, რომლის მისადგომებთან ყოველგვარი გამაფრთხილებელი ნიშნის გარეშე იწყება გაფუჭებული გზები; ეძებს დამალულ სიმართლეს საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაზე და გამოსავალსაც გვთავაზობს – კარის მეზობელთან მეგობრობის აღდგენას, რათა საბოლოოდ არ დავიღუპოთ.

დიდი მაესტროს ახალ ქმნილებას წითელ ხაზად გასდევს წარსულისადმი ნოსტალგიური დამოკიდებულება. ავტორი სინანულით იხსენებს ბოლო პერიოდის კომუნისტებისთვის დამახასიათებელ ზნეობას, მორალსა და კანონს და უპირისპირებს მას თანამედროვეობას. განსაკუთრებით ამაღელვებელია ეპიზოდი სტერეოტიპების დანგრევის მოსურნე, მაგრამ შეშინებული მინისტრის მოადგილის, პოპოვის მონაწილეობით, რომელიც მის მიერ წარმოთქმული ფრაზით – “რობერტ, ვიცით ყველაფერი, მაგრამ არ შეიძლება ამაზე საუბარი”, აწ უკვე ისტორიას ჩაბარებული პატიოსნების ეტალონად გვევლინება.

უაღრესად საინტერესოა ფორმა, რომლითაც რეჟისორი საკუთარ სათქმელს გადმოგვცემს. ისევე, როგორც “დიალოგების” გარშემო აქამდე გრძელდება დავა, ეკუთვნის თუ არა სოკრატეს მოსაზრებები პლატონს, აქაც რთულია საზღვრის გავლება ქართლის ბედით შეწუხებული ქალბატონის შეკითხვებს და იმავე საკითხით არანაკლებ შეწუხებული ღვაწლმოსილი თეატრალური მოღვაწის პასუხებს შორის. როგორც ჩანს, რობერტ სტურუას მსოფლმხედველობის სწორი ინტერპრეტაციისთვის, ისინი ერთ მთლიანობად უნდა წარმოვიდგინოთ.

სტურუას ახალი ნამუშევრის მთავარი გმირი თავხედი პრეზიდენტია, რომელიც თავის რუს კოლეგას პირდაპირ ბაძავს და ხან მასზე ორი კვირით გვიან დელფინისთვის პირში თავის ჩაყოფას ბედავს, ხანაც პირველ შეხვედრაზე დაგვიანებას, მხარზე ხელის დარტყმას და უხამსი წინადადებით – „Я бы тоже искупался бы с тобой” – მიმართვას. ის კრიმინალია და დაჭერა ემუქრება. არც საკუთარი ერი უყვარს – სამშობლოს ამერიკას და დასავლეთს უმზადებს, გაუნათლებელი და იაფი მუშახელით. ამას ახსნაც აქვს – “ის სომეხია და რა ვქნათ?”. მაგრამ არ იფიქროთ, რომ ეს ქსენოფობიაა. არა, რეჟისორს უყვარს სომეხი ხალხი, მაგრამ როგორც ჭეშმარიტი პატრიოტი, ვერ ხვდება, “რატომ უნდა აბურთავებდეს საქართველოს სომეხი კაცი”.

სამწუხაროდ, გამოჩენილი ქართველი რეჟისორის დაბრუნებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც გაბედეს ეჭვის ქვეშ დაეყენებინათ მისი გენიალური სპექტაკლები და სტურუას მსოფლიო აღიარება პრედიგიტალურ ეპოქაში, საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი სამხრეთული კოლონიის თეატრალურ სცენაზე, შექსპირის ეგზოტიკური ინტერპრეტაციის ხილვით გამოწვეულ გაოცებას მიაწერეს. ესეც არ იკმარეს, მისი დადგმებისთვის დამახასიათებელი უტრირებული თეატრალურობაც დაიწუნეს და ისიც კი წამოსცდათ, სტურუას სპექტაკლების გამოა ასეთ ცუდ დღეში ქართული თეატრი და სხვათა შორის კინოც, ერთი-ორის გარდა, ნორმალურ მსახიობს რომ ვერ ნახავ, ყველა რამაზ ჩხიკვაძის თამაშის მანერის კოპირებას ცდილობსო. მაგრამ არაკეთილმოსურნეები ვერაფერს დააკლებენ სამამულო თეატრის პატრიარქს. მე, ისევე როგორც თავად ბატონ რობიკოს, ღრმად მწამს, ქართველი ერის გონიერება და სიბრძნე განსაზღვრავს შემდგომი ნაბიჯების ბედს და რუსეთიც შემხვედრ ნაბიჯებზე წამოვა.
 

კომენტარები