რუსეთი

პუტინი: არ გადამიწყვეტია, 2024 წლის არჩევნებში კენჭს ვიყრი თუ არა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, თქმით, მას არ გადაუწყვეტია, კიდევ იყრის თუ არა კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებში, როდესაც მისი ამჟამინდელი საპრეზიდენტო ვადა 2024 წელს დასრულდება.

მისივე თქმით, ამაზე ლაპარაკი ჯერ ძალიან ნაადრევია. 

"მე არ გადამიწყვეტია, 2024 წლის არჩევნებში კენჭს ვიყრი თუ არა". - თქვა პუტინმა პრესკონფერენციაზე.

2019 წელს პუტინმა 2024 წლის შემდეგ თავის პოლიტიკური კარიერის შესახებ თქვა, რომ "ამაზე საუბარი ნაადრევია ".

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში ბრიტანული ტაბლოიდი The Sun წერდა, რომ პუტინი მომავალ წელს აპირებს გადადგომას, რადგან პარკინსონის დაავადების სიმპტომები გამოუვლინდა. წყაროდ მათ მოჰყავდათ ბოლო ჩანაწერი, რომელშიც, როგორც The Sun წერს, პუტინს ფეხი უკანკალებდა, სკამს ეჭიდებოდა და თითები ეკრუნჩხებოდა.

კრემლი სრულ აბსურდს უწოდებს ცნობებს, რომ პუტინი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგება.

10 დეკემბერს რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც ყოფილ პრეზიდენტებს გასამართლებისაგან იმუნიტეტს მთელი ცხოვრების განმავლობაში ანიჭებს.

ძალაში შესვლამდე კანონს მხარი უნდა დაუჭიროს პარლამენტის ზედა პალატამ და ბოლოს მას ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

მანამდე კი რუსეთში რეფერენდუმი ჩატარდა, რომლითაც ძალაში შევიდა საკონსტიტუციო ცვლილებები - პუტინს 2024 წელს ზედიზედ მეორე, ჯამში კი მეოთხე საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეეძლო, თუმცა ახალი ცვლილება მას ვადას უნულებს და საშუალებას აძლევს, კიდევ ერთი, ან ორი ვადით იყაროს კენჭი და ძალაუფლებაში კიდევ 6 ან 12 წლით დარჩეს.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე პუტინი უარყოფდა 2024 წლის შემდეგ ხელისუფლებაში დარჩენის შესაძლებლობას, თუმცა ბოლო ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთს ძლიერი პრეზიდენტი სჭირდება.

"მე რისი მეშინია, რატომ არ მინდა ვადების შემცირება... საკუთარი თავის გამო არ ვშიშობ, მე ჭკუიდან არ შევშლილვარ. საქმე ჩემში არ არის. ჩვენ ხომ ვცვლით კონსტიტუციას არა 5 ან 10 წლით, მინიმუმ 50 წლით. მე მგონია, რომ მომავლისთვისაა საჭირო... საუბარი არაა დღევანდელზე, ახლა შეიძლება მართლაც უფრო მნიშვნელოვანია სტაბილურობა, ქვეყნის მშვიდი განვითარება. მაგრამ შემდეგ, როცა ქვეყანა დააგროვებს რესურსებს, თავდაჯერებულობას, მაშინ ნამდვილად საჭირო იქნება ხელისუფლების შეცვლის უზრუნველყოფა", - თქვა პუტინმა.

მანამდე, 20 იანვარს კი ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ საბჭოთა ლიდერები სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებდნენ ძალაუფლებას და არ უნდა, რომ ეს დაბრუნდეს.

კომენტარები