ბენ ჰოჯესი

ბენ ჰოჯესი: ნატომ უნდა გააძლიეროს პოზიციები შავი ზღვის რეგიონში

ბენ ჰოჯესი
Stripes.com

ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალი ბენ ჰოჯესი Foundation for Defence of Democracies-თვის დაწერილ წერილში შავი ზღვის რეგიონში ნატოს პოზიციების გაძლიერების საჭიროებაზე საუბრობს.

ჰოჯესი აღნიშნავს, რომ 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ ნატოსთვის პრიორიტეტი ბალტიის ზღვის რეგიონი იქცა და შავი ზღვის რეგიონს ნაკლები ყურადღება მიექცა. თუმცა, რუსეთისთვის შავი ზღვის და ბალტიის ზღვის რეგიონები ერთნაირად მნიშვნელოვანია.

"მოსკოვს აქვს თავისი ტერიტორიული მიზნები შავი ზღვის რეგიონში. ეს ჩანს რუსეთის მიერ ყირიმში მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესში, აღმოსავლეთ უკრაინაში, ომში და რუსეთის მიერ ტრანსნისტრიის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციაში. კრემლი იქცევა პროვოკაციულად ქერჩის სრუტეში, ყირიმის გარშემო და რუმინეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში ტერიტორიულ წყლებზე უკანონო პრეტენზიით უგულებელყოფს საერთაშორისო სამართალს." – წერს ჰოჯესი.

ბენ ჰოჯესი ხაზს უსვამს, რომ 2018 წლის ეროვნული თავდაცვის სტრატეგია ნათელს ხდის იმას, რომ რუსეთი რჩება ერთერთ ყველაზედიდ საფრთხედ და ნატოს მზაობის შენარჩუნება ამ საფრთხეზე საუკეთესო პასუხია. 

რუსეთთან ნატოს აღმოსავლეთის საზღვრების შეფასებისას ჰოჯესი გამოყოფს ოთხ პრობლემურ საკითხს: ერთიანობის ნაკლებობის აღქმა, რამაც, შესაძლოა, რუსეთის აგრესიის პროვოცირება გამოიწვიოს; არასათანადო მზაობის დონე ზოგიერთ მოკავშირე ქვეყანაში; საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის შესაძლებლობების არასათანადო ინტეგრაცია და სამხედრო ძალების მობილობის ნაკლოვანებები.

"...ვაშინგტონმა უნდა გაზარდოს შავი ზღვის რეგიონის პრიორიტეტი და შეიმუშაოს სტრატეგია, რომელიც შავ ზღვას მოაქცევს ევრაზიის გეოსტრატეგიული რუკის ცენტრში". – წერს ჰოჯესი.

ბენ ჰოჯესი თვლის, რომ ნატომ უნდა გააუმჯობესოს სარდლობა, სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების პროცესი და გააძლიეროს თავისი ფიზიკური პოზიციები შავი ზღვის რეგიონში. ჰოჯესი თვლის, რომ ეს პირველ რიგში უნდა დაიწყოს შავი ზღვისთვის ბალტიის ზღვის რეგიონის მსგავსი თავდაცვითი გეგმის შემუშავებით და ასევე, ჩამოაყალიბოს შტაბი შავი ზღვის რეგიონში, რომელიც ხელს შეუწყობს სადაზვერვო ინფორმაციის მიმოცვლას, გაზრდის სიტუაციის შესახებ ცნობიერებას.

ჰოჯესი აღნიშნავს, რომ მოსკოვის მიერ ყირიმში შეჭრამ ცხადყო, რომ ნატოს უნდა გაეზარდა რეაგირების სისწრაფე სხვადასხვა სფეროში: კრემლის მიზნების ამოცნობის სისწრაფე, ყველა ეშელონზე გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფე და პოტენციური კრიზისების თავიდან ასარიდებლად ან მათზე საპასუხოდ შეკრების სისწრაფე. ჰოჯესი თვლის, რომ წვრთნები და რესურსები უნდა ფოკუსირდეს სწრაფ, ეფექტურ და აქტიურ რეაგირებაზე. რაც შეეხება შავი ზღვის რეგიონში ფიზიკურად პოზიციების განმტკიცებას, ბენ ჰოჯენსი თვლის, რომ ეს უნდა მოხდეს უპილოტო საზღვაო და სახმელეთო სისტემების საშუალებით.

"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა შეიმუშავოს უკრაინისა და საქართველოს მხარდამჭერი უფრო მტკიცე სტრატეგია. ეს ნიშნავს უკრაინის ფლოტის უფრო დიდ მხარდაჭერას. ეს ასევე ნიშნავს, ევროპული და ნატოს წევრი სახელმწიფოების წახალისებას, აკრძალონ თავიანთ პორტებში ყველა იმ რუსული სამხედრო და სავაჭრო ხომალდების შესვლა, რომლებიც ყირიმის პორტებიდან მოცურავენ. ამერიკული ლიდერობით ნატომ უნდა გააძლიეროს კოოპერაცია საქართველოსთან არსებული ინიციატივების ფარგლებში, მათ შორის ვაზიანის სამხედრო აეროდრომის მოდერნიზაციით...

2014 წლიდან აღმოსავლეთის ფლანგის გასწვრივ ნატომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ამაში შედის გაზრდილი როტაციული ძალები, უფრო მეტი წინასწარ განლაგებული აღჭურვილობა და ნატოს წრთვნების მნიშვნელოვანი რაოდენობრივი, ხარისხობრივი და ფართომაშტაბიანი ზრდა. თუმცა, პროგრესი ძირითადად ნაწილი ბალტიის რეგიონსა და პოლონეთშია. ახლა დროა, ყურადღება მიექცეს სისუსტეებსა და ჩავარდნებს შავი ზღვის რეგიონში.

თუ ბოლო წლებში დემოკრატიებმა რამე ისწავლეს, ის არის, რომ რუსი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ასეთ სისუსტეებს აგრესიისთვის მწვანე შუქად აღიქვამს".  – წერს ბენ ჰოჯესი

ამავე თემაზე:

კომენტარები