არჩევნები 2020

თამარ კორძაიამ და ხათუნა სამნიძემ საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს

რესპუბლიკური პარტიის ორმა წარმომადგენელმა, ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ, საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს. ისინი პარლამენტში ბლოკის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას ფარგლებში მოხვდნენ და თავდაპირველად ამბობდნენ, რომ მოლაპარაკებების დასრულებამდე მანდატებზე უარს არ იტყოდნენ

მანდატებზე უარის თქმისა და იმის შესახებ, თუ რატომ შეცვალა პარტიამ გადაწყვეტილება, ხათუნა სამნიძემ ფორმულას ეთერში ისაუბრა. როგორც რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა განმარტა, ისინი მიხვდნენ, რომ ხელისუფლება სერიოზულად არ უდგებოდა ამ მოლაპარაკებებს. 

"ჩვენი განცხადება იყო, რომ სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად ვაგრძელებთ ბოიკოტს და ჩვენ დავთმობთ მანდატებს, განცხადებები დაწერილია, მაგრამ დაველოდებით მოლაპარაკებების პროცესს. ეს არ ნიშნავდა, რომ ჩვენ რაიმე ტიპის სხვა გადაწყვეტილებას მივიღებდით, იმიტომ რომ პირველივე განცხადება იყო, რომ ჩვენ იქ ვართ, სადაც ჩვენი ბლოკია, რითიც ჩვენ მოგვენიჭა მანდატები და ეს სამართლიანი მგონია აბსოლუტურად. 

მაგრამ ამის შემდეგ ძალიან მალე ჩვენ ვნახეთ ISFED-ის ფაქტორის გამოყენება მოლაპარაკებებში, რამაც დაადასტურა, რომ ქართული ოცნება, ბიძინა ივანიშვილი, კობახიძის ენით, არ აპირებს ამ მოლაპარაკებების სერიოზულად მიღებას. ჩანდა, რომ ის ფსევდო-მოლაპარაკებებად აპირებდა ამის გადატანას". – თქვა ხათუნა სამნიძემ. 

გირჩისა და ალეკო ელისაშვილის მოქალაქეების გარდა, ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, რომლებმაც მანდატები მიიღეს, ინდივიდუალურად წერენ განცხადებებს მანდატებზე უარის თქმის შესახებ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინ, 15 დეკემბერს დააკმაყოფილა ენმ-ძალა ერთობაშიას, ევროპული საქართველოს, ლელოს, სტრატეგია აღმაშენებლისა და ლეიბორისტული პარტიის მოთხოვნები სიის გაუქმების შესახებ. 

კომენტარები