საქართველოში კორონავირუსით კიდევ 44 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა ინფიცირების 3 837 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 105 პაციენტი.
ბოლო 24 საათში 20 176 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 12 532 ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 644 PCR ტესტით.
15 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 194 900 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 164 786 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 883 პაციენტი კი გარდაიცვალა.
მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.





