კორონავირუსი საქართველოში

"დავაკვირდებით ეპიდსიტუაციას" – შემსუბუქდება თუ არა შეზღუდვები 24 დეკემბრიდან

"ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ჩვენ მომავალში, იგივე 24-25-ის შემდეგ შემსუბუქების პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებით". – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ თქვა. მისი განცხადებით, "კარგად უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციის განვითარებას ამ კვირის განმავლობაში და საკოორდინაციო საბჭო მიიღებს შესაბამის დაბალანსებულ გადაწყვეტილებებს". გამყრელიძე აღნიშნავს, რომ მისი რეკომენდაცია ყოველთვის უფრო მკაცრია.

კითხვაზე, რამდენად გასცემს რეკომენდაციას, რომ 24 დეკემბრის შემდეგ გაიხსნას სავაჭრო ცენტრები ან ტრანსპორტი, NCDC-ის დირექტორი აღნიშნავს, რომ საკოორდინაციო საბჭომ ეს საკითხი განიხილა.

"შეჯერდა საკოორდინაციო საბჭო, რომ ჩვენ დავაკვირდეთ ამ კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაციის განვითარებას და გადაწყვეტილებები მიღებული იყოს კვირის ბოლოს იმასთან დაკავშირებით, რა ზომით და რა მასშტაბით უნდა იქნეს ან არ იქნეს შემსუბუქება.

კონკრეტულად ვერ გეტყვით, რა შეიძლება გაიხსნას და რა არა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ თვალსაზრისით უფრო რადიკალურია, მაგრამ საკოორდინაციო საბჭო იღებს ბალანსირებულ, შეჯერებულ გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ გასათვალისწინებელია ეკონომიკური მდგომარეობა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება ბალანსირებული". – ამბობს გამყრელიძე.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოში 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით სავაჭრო ცენტრები, ასევე, ღია და დახურული ბაზრობები მუშაობას აღადგენენ. ასევე, ამ პერიოდში აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ღია და დახურულმა ბაზრობებმა მუშაობა შეაჩერა. ასევე, დიდ ქალაქებში შეიზღუდა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. 28 ნოემბრიდან კომენდანტის საათი საღამოს 10 საათის ნაცვლად 9 საათიდან იწყება. გამონაკლისი იქნება ახალი წელი - 31 დეკემბრის ღამე და შობის - 6 იანვრის ღამე.

კომენტარები