არჩევნები 2020

ჟვანია ISFED-ზე: სიმართლე არასდროს იკარგება, მუქარის ავტორები პასუხს მიიღებენ

ტაბულა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია ISFED-ის PVT-ს განახლებულ შედეგებს ეხმაურება. ჟვანია წერს, რომ "სიმართლე არასდროს იკარგება".   

თამარ ჟვანიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს, როდესაც უკვე ყველასთვის ცნობილი გახდა სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლის (pvt) დაზუსტებული შედეგები, რომელიც მყარად ადასტურებს, რომ არჩევნების ოფიციალური შედეგები ზუსტია, არ შემიძლია, არ გავიხსენო განვლილი მძიმე დღეები, ტალახის სროლა, ბრალდებები, შეურაცხყოფა, "ბულინგი" და მუქარა რაც ცესკოს მიმართ, პირადად ჩემზე და მთელს საარჩევნო ადმინისტრაციაზე ხორციელდებოდა. დაგვიანებით გაჟღერებული, მაგრამ უკვე საჯაროდ გამოტანილი რეალობა, იმედი მაქვს შეცვლის იმ დამოკიდებულებებს, რომლებმაც ყოვლად უსაფუძვლოდ დიდი ზიანი მიაყენა საარჩევნო ადმინისტრაციას და რაც ყველაზე სამწუხაროა, მთლიანად საარჩევნო პროცესს და ქვეყანას.

იმედია, თითოეული ის ადამიანი, რომელიც პრაქტიკულად უაპელაციოდ დამნაშავეებად გვაცხადებდა, შეცვლის თავის დამოკიდებულებას და გაიაზრებს, რომ სიმართლე არასდროს იკარგება, ხოლო ისინი, რომლებიც პირდაპირ მუქარას ახორციელებდნენ, მიიღებენ შესაბამის პასუხს.

ამასთან, იმის მიუხედავად, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და მის ხელმძღვანელობაზე განხორციელებული ზეწოლის პირობებში არ გაკეთებულა შესაბამისი მხარდამჭერი განცხადებები, ჩემთვის პირადად და მთელი ადმინისტრაციისთვის მიუღებელია და ვგმობთ შეტევებს, შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ სხვა ჩართული მხარეების მიმართ.

ყოველთვის მჯეროდა, რომ ყველაზე დიდი ღირსება ის არის, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ სიმართლის დაცვა, სიმართლის აღიარება და სიმართლის რწმენით ცხოვრება." 

სამართლიანი არჩევნების (ISFED) ცნობით, შიდა აუდიტით გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში, რომლის შედეგადაც ქართულ ოცნებას არჩევნებზე ხმების 45.8%-ის ნაცვლად 47.6% აქვს. სამართლიან არჩევნებში აცხადებენ, რომ ეს სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის, ელენე ნიჟარაძის თქმით, "ძალიან მძიმე იყო ამ განცხადების გამოქვეყნება" და 2012 წლიდან სამართლიან არჩევნებს "ასეთი მძიმე გამოწვევა" არ ჰქონია.

სამართლიანი არჩევნები საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას წარმოადგენს, რომლის ცდომილების ხარისხი 0.7%-ია:

  • ქართული ოცნება – 47.6%

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია – 27.4%

  • ევროპული საქართველო – 3.8%

  • პატრიოტთა ალიანსი – 3.2%

  • ლელო – 3.2%

  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.1%

  • გირჩი – 3.0%

  • მოქალაქეები – 1.3%

  • ლეიბორისტული პარტია – 1.0%

  • ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო – 0.9%

სამართლიანი არჩევნების 1-ელ ნოემბერს გამოქვეყნებული შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი ამ შემთხვევაშიც 0.7%-ია.

  • პატრიოტთა ალიანსი – 3.1%
  • ლელო – 3.1%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.0%
  • გირჩი – 2.8%
  • მოქალაქეები – 1.3%
  • ლეიბორისტული პარტია – 1.0%
  • ნინო ბურჯანაძე ერთიანი საქართველო – 0.9%

მმართველი გუნდის შეფასებით, Isfed-ის განცხადების შემდეგ მოლაპარაკებების რეალობა შეიცვალა და ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოიხადოს.

ვროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას აზრით კი, მმართველმა პარტიამ ეს ხარვეზი, დიდი ალბათობით, უკანონო მიყურადებით იცოდა და მოლაპარაკებებისას გადათვლის შემოთავაზება "მახის დაგება" იყო.მისივე თქმით, PVT ვერანაირად ვერც აკონტროლებს და ვერც ზომავს ჩაყრას და კარუსელს. 

იმას, რომ პარალელური დათვლა (PVT) ვერ ავლენს ამომრჩეველთა მოსყიდვას, დაშინებას, კარუსელსა და ოქმების შემდეგ გადაკეთებას, ამბობს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელი, გიორგი მშვენიერაძეც. კოალიცია ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისთვის წევრი, ირაკლი მელაშვილი კი წერს, რომ PVT არჩევნების გაყალბება-არგაყალბების შეფასების უნივერსალური მექანიზმი არ არის.

კომენტარები