არჩევნები 2020

კობახიძე ISFED-ზე: საუბარი იყო უკანონო მიყურადებაზე, ყველას ესმის, რომ ეს აბსურდია

"საუბარი იყო უკანონო მიყურადებაზე, ყველას ესმის, რომ ეს აბსურდია". - ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ISFED-ის PVT-ის განახლებულ შედეგებს ეხმაურება.   

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მმართველმა პარტიამ ეს ხარვეზი, დიდი ალბათობით, უკანონო მიყურადებით იცოდა და მოლაპარაკებებისას გადათვლის შემოთავაზება "მახის დაგება" იყო

"ვისაუბროთ არითმეტიკაზე და მათემატიკაზე, როგორ დავადგინეთ ჩვენ რეალურად. იქ იყო საუბარი უკანონო მიყურადებაზე, რაც ყველას ესმის, რომ აბსურდია. ასე ცდილობენ ოპოზიციის წარმომადგენლები, გამოძვრნენ უხერხული ვითარებიდან. ისინი აფუძნებდნენ საკუთარ მტკიცებას გაყალბებასთან დაკავშირებით PVT-ზე. მათ მთლიანად ჩამოენგრათ მთავარი საყრდენი. მათი მძიმე და უხერხული მდგომარეობა გასაგებია". - ამბობს კობახიძე. 

სამართლიანი არჩევნების (ISFED) ცნობით, შიდა აუდიტით გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში, რომლის შედეგადაც ქართულ ოცნებას არჩევნებზე ხმების 45.8%-ის ნაცვლად 47.6% აქვს. სამართლიან არჩევნებში აცხადებენ, რომ ეს სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის, ელენე ნიჟარაძის თქმით, "ძალიან მძიმე იყო ამ განცხადების გამოქვეყნება" და 2012 წლიდან სამართლიან არჩევნებს "ასეთი მძიმე გამოწვევა" არ ჰქონია.

სამართლიანი არჩევნები საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას წარმოადგენს, რომლის ცდომილების ხარისხი 0.7%-ია:

  • ქართული ოცნება – 47.6%

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია – 27.4%

  • ევროპული საქართველო – 3.8%

  • პატრიოტთა ალიანსი – 3.2%

  • ლელო – 3.2%

  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.1%

  • გირჩი – 3.0%

  • მოქალაქეები – 1.3%

  • ლეიბორისტული პარტია – 1.0%

  • ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო – 0.9%

სამართლიანი არჩევნების 1-ელ ნოემბერს გამოქვეყნებული შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი ამ შემთხვევაშიც 0.7%-ია.

  • პატრიოტთა ალიანსი – 3.1%
  • ლელო – 3.1%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.0%
  • გირჩი – 2.8%
  • მოქალაქეები – 1.3%
  • ლეიბორისტული პარტია – 1.0%
  • ნინო ბურჯანაძე ერთიანი საქართველო – 0.9%

მმართველი გუნდის შეფასებით, Isfed-ის განცხადების შემდეგ მოლაპარაკებების რეალობა შეიცვალა და ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოიხადოს.

ვროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას აზრით კი, მმართველმა პარტიამ ეს ხარვეზი, დიდი ალბათობით, უკანონო მიყურადებით იცოდა და მოლაპარაკებებისას გადათვლის შემოთავაზება "მახის დაგება" იყო.მისივე თქმით, PVT ვერანაირად ვერც აკონტროლებს და ვერც ზომავს ჩაყრას და კარუსელს.

კომენტარები