არჩევნები 2020

ხვიჩია: ნაციონალები თუ უარს არ იტყვიან მანდატებზე, რა თქმა უნდა, არც ჩვენ ვიტყვით

ტაბულა

გირჩის ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია, ტაბულას კითხვაზე, იტყვის თუ არა დღეს პარტია გირჩი საპარლამენტო მანდატებზე უარს, ამბობს, რომ, მანდატებზე უარს არ იტყვიან, რადგან მისი თქმით, უარს დღეს ოპოზიციის ვერც სხვა წევრები იტყვიან. 

ხვიჩიას განმარტებით, დღეს არის დღე, როცა ოპოზიციურმა პარტიებმა უბრალოდ მოიფიქრეს, რომ ჩახსნან ის ხალხი, ვინც ისედაც არ არის დეპუტატები, ამაში კი მისი თქმით, გირჩი მონაწილეობას არ იღებს. 

"დღეს ხსნის ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან იმ ხალხს, რომლებიც ისედაც არ არიან პარლამენტის წევრები. ვინმე თუ გეუბნებათ დღეს მანდატზე უარს ვამბობო, დღეს ფიზიკურად არ არის ამის დღე. დღეს არის დღე, როცა ოპოზიციურმა პარტიებმა მოიფიქრეს, რომ ჩახსნან ის ხალხი, ვინც ისედაც არ არიან დეპუტატები". - ამბობს ხვიჩია. 

მისივე თქმით, თუ მანდატებზე უარს იტყვის ნაციონალური მოძრაობა, გირჩიც უარს იტყვის. 

"თუ უარს არ იტყვის მანდატებზე ნაციონალური მოძრაობა, რა თქმა უნდა არც გირჩი არ იტყვის. თუ 113 ადამიანი პარლამენტში არ არის, არც ჩვენ ვართ, თუ 113-ზე მეტია, ანუ ნაცებიც მანდ არიან და ჩვენ უარს არ ვიტყვით". - ამბობს ხვიჩია. 

საერთო მემორანდუმის გაფორმების შემდეგ იმ ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა, რომლებმაც საპარლამენტო მანდატები მიიღეს, უკვე ოფიციალურად დაიწყეს სიის გაუქმებასა და მანდატების შეწყვეტაზე მუშაობა. 

პროცედურულად პარტიები ჯერ ცესკოს მიმართავენ, რათა პარტიული სია გააუქმონ, შემდეგ კი პარლამენტს ინდივიდუალურად მიმართავენ ის დეპუტატები, რომლებმაც უკვე მიიღეს მანდატები და უარს იტყვიან მათზე. დღეს ცესკოში განცხადებას შეიტანენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია, ევროპული საქართველო, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი და ლეიბორისტული პარტია

მოლაპარაკებების დასრულებამდე მანდატებზე უარს არ იტყვის არც რესპუბლიკური პარტია, რომელთაც ენმ-ძალა ერთობაშიას ბლოკის ფარგლებში ორი მანდატი მიიღეს. 

11 დეკემბერს საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბა. ქართული ოცნების გარდა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არცერთი პარტია არ დაესწრო. 

კომენტარები