არჩევნები 2020

საქალაქოში კობალაძისა და ხუსკივაძის სასამართლო პროცესი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

ფორმულა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის სასამართლო პროცესი ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და მათი მხარდამჭერების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. სასამართლოს შენობასთან მობილიზებულია საპატრულო პოლიციის დანაყოფები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის და ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის თქმით, დაკავებულები სახელისუფლებო პროპაგანდის მსხვერპლნი არიან და ისინი აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ. 

"არაფერი არ არის გამორიცხული ამ სახელისუფლებო პროპაგანდის პირობებში, ჩვენ მოვედით პროტესტის გამოსახატად ოჯახთან ერთად, მოიყვანეს პოლიციელები და ჩააყენეს 50 კაცი. არ ვიცი, ვის ებრძვიან, რას ებრძვიან და ვისგან იცავენ ამ სასამართლოს შენობას. ხუსკივაძე-კობალაძე არიან მსხვერპლი პოლიტიკური ტერორიზმის და პროპაგანდის, რომელიც ხელისუფლებას არჩევნებამდე დასჭირდა, როგორც მელაშვილი-ილიჩოვა, როგორც რურუა. ეს ადამიანები აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ". – თქვა ხატია დეკანოიძემ.

ევროპული საქართველოს ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, პოლიცია კანონს არღვევს და მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლებას ზღუდავს.

"ეს არის სახე ამ ხელისუფლების, გარდა იმისა, რომ ადამიანებს აკავებენ ასეთი გაუგებარი მიზეზით, არ გვაძლევენ უფლებას, რომ გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი". – თქვა ელენე ხოშტარიამ.

აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის ადვოკატები ორ მთავარ შუამდგომლობას დააყენებენ: გათავისუფლდნენ პატიმრობიდან დაკავებულები და პროცესები არა ონლაინ, არამედ საჯაროდ გაიმართოს.

პროკურატურამ თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე მტკიცებულებების ნაწილი გაასაჯაროვა. უწყება ამტკიცებს, რომ 6 ნოემბერს კობალაძე და ხუსკივაძე შეხვდნენ თედო გობეჯიშვილს და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით, ქრთამის სახით 50 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, მედიის თანდასწრებით განცხადების გაკეთება შესთავაზეს, რომ არჩევნები გაყალბდა.

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, თედო გობეჯიშვილი 7 ნოემბერს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ქართული ოცნების წევრმა, გიორგი ხელაშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები საოლქო კომისიის თავმჯდომარეებს და მათ შორის გობეჯიშვილს, რეპრესიებით ემუქრებოდნენ. ხელაშვილმა სამართალდამცველებს მოუწოდა, აღეძრათ საქმე ამ მიმართულებით.

კომენტარები