თბილისის მერია

კალაძე: თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი მილიარდ 100 მილიონზე მეტი იქნება

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, 2021 წელს თბილისის ბიუჯეტი მილიარდ 100 მილიონზე მეტი იქნება. 

"თბილისის მერიამ საკრებულოში წარადგინა ბიუჯეტი, რომელიც არ იყო საბოლოო და დასრულებული. დაახლოებით, თანხა იყო 840 მილიონი და გვახსოვს ყველას, თუ რა მითქმა-მოთქმა მოჰყვა ამ თანხას, რომ ბიუჯეტი მცირდება, მთელი უბედურება. ჩვენ განმარტებებს ვაკეთებდით, რომ ეს არის პირველადი ბიუჯეტი.  

[...] ბიუჯეტს დაემატება 225 მილიონი. უახლოეს დღეებში გადაგზავნილი იქნება თბილისის საკრებულოში განსახილველად. ჩვენ მიერ წარდგენილი ბიუჯეტის ოდენობა იქნება მილიარდ 50 მილიონი ლარი. უნდა აღვნიშნო ის, რომ მომდევნო წლის დასაწყისში, იანვარში, ამ თანხას კიდევ 50 მილიონი დაემატება და საბოლოოდ 2021 წლის ბიუჯეტი იქნება მილიარდ 100 მილიონზე მეტი". - თქვა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. 

კალაძის თქმით, ბიუჯეტის მესამედი, 33% მიმართული იქნება სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად. 

"ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით ბიუჯეტი იქნება 350 მილიონ ლარზე მეტი. დაახლოებით, წინა წელთან შედარებით, 21 მილიონი ლარით იზრდება. 350 მილიონი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად". - თქვა კახა კალაძემ. 

თბილისის მერმა ივანე მაჭავარიანსა და გიორგი გახარიას ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

"ჩვენ ვმუშაობდით ფინანსთა სამინისტროსთან, უნდა აღვნიშნო, რომ ჩართული იყო პრემიერმინისტრი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და გიორგი გახარიას, ვანო მაჭავარიანს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის და თბილისელების გვერდში დგომისთვის". - თქვა კალაძემ.

კომენტარები