არჩევნები 2020

მეგრელიშვილი: ძალიან მომწონს სრულად პროპორციული არჩევნები, ბუნებრივი ბარიერით, დღეიდან

ტაბულა

პარტია გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ტელეკომპანია მთავარის ეთერში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე ისაუბრა. მან თქვა, რომ მოსწონს დღეიდან ბუნებრივი ბარიერით სრულად პროპორციული არჩევნები, როგორც პარლამენტში, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებაში და ამისათვის მზადაა, იკამათოს ნებისმიერ კოლეგასთან, ვისაც პლებისციტი უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია:

"იქიდან რაღაც ისეთი მოდის, რაც მე ძალიან მომწონს. მე ძალიან მომწონს სრულად პროპორციული არჩევნები, ბუნებრივი ბარიერით, როგორც პარლამენტში, ისე ადგილობრივ ხელისუფლებაში, დღეიდან. ვინ ჩაატარებს, როგორ ჩაატარებს ამაზე, მე რასაც ვისმენ, ყველაზე მეტი პროგრესია. უბრალოდ, ეს ნაწილი არავის არ აკმაყოფილებს.

მე იმდენად მინდა ამის მოპოვება, იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენ ეს მოვიპოვოთ, რომ მე საჯაროდ ვთხოვდი და ვიდისკუსიებდი ნებისმიერ ოპოზიციურ კოლეგასთან, რომელიც პლებისციტს უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევდა, ვიდრე ამას. მე არ მგონია, რომ ამ ქვეყანაში ისე შეიცვალა სიტუაცია, რომ ახლა გაზაფხულზე რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები, ის ნაკლები პრობლემებით ჩატარდება და მითუმეტეს, ასეთ კრიზისულ სიტუაციაში.

როცა გატყუებენ შენ შენს მეგობრებთან თუ კოლეგებთან მიდიხარ რაღაც პროტესტზე, მაგრამ როცა ხედავ, რომ ისეთ რამეს ითხოვ, რისიც შენ ბოლომდე არ გჯერა, რაც არ უნდა მეგობრები იყვნენ, სიმართლე ხომ უფრო მნიშვნელოვანია". – თქვა მან.

თუმცა, მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულ შეთავაზებაში არის პუნქტები, რომლებიც მის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს:

"ქართული ოცნება იმითაც არ მოდის, რაც მე მინდა. იმითაც ისე მოდის, ვხვდები, რასაც აკეთებდა წინა მოლაპარაკებების დროს, მაჟორიტარები რომ ჩაგვიტოვა, რამაც ააფეთქა ეს სიტუაცია, ახლა ტოვებს ისეთივე რაღაცებს, ადგილობრივ არჩევნებზე ისე მაჟორიტარები და ა.შ. მაგრამ ამაზე მსჯელობა ძალიან მნიშვნელოვანია". – ამბობს ის.

მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდიდან გამოსული ოპოზიციონერები ამბობენ, რომ მათ მთავარ მოთხოვნებზე აზრთა სხვადასხვაობაა და პარლამენტში შესვლას არ გეგმავენ.

"ოპოზიციისთვის მთავარ საკითხებში, რიგგარეშე არჩევნებზე და პოლიტპატიმრებზე ფუნდამენტური განსხვავებაა პოზიციებს შორის და შედეგი და დაახლოება არ გვაქვს. საარჩევნო გარემოსთან და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გარკვეული კონტურები არსებობს, რომ რაღაც საკითხებზე შეთანხება შედგეს". – თქვა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ კი თქვა, რომ მიმდინარე დიალოგი მას იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.

მან ასევე თქვა, რომ თუ ზოგი ოპოზიციური პარტია გადაწყვეტს, არ შევიდეს პარლამენტში, აამოქმედებენ მექანიზმს და მათ მეტ დროს დაუტოვებენ გადაწყვეტილების შესაცვლელად.

კომენტარები