შშმ პირები

1-ელი მარტიდან ყველა შენობა, ინდივიდუალური სახლების გარდა, შშმ პირებზე ადაპტირებულად აშენდება

გიორგი აბელაშვილი

ღია საზოგადოების ფონდის ინფორმაციით, 4 დეკემბრის საქართველოს მთავრობის #732 დადგენილებით, მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები დამტკიცდა, რაც ნიშნავს, რომ 1-ლი მარტიდან ვერცერთი შენობა-ნაგებობა თუ ინფრასტრუქტურული მოწყობა, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისა, ვერ განხორციელდება ყველა კატეგორიის ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ადამიანების საჭიროების გათვალისწინების გარეშე. ტექნიკური რეგლამენტი ძალაში 1-ლი მარტის შემდეგ გაცემულ სამშენებლო ნებართვებს შეეხება.

ღია საზოგადოების ფონდის ინიციატივით ითარგმნა და საქართველოს რეალობას მოერგო საერთაშორისო სტანდარტი მისაწვდომი და გამოყენებადი შენობები და მოწყობილობები (ICC A117.1-2017), რომელიც მოიცავს საჯარო სარგებლობის შენობა-ნაგებობების, სარეკრეაციო სივრცეების, ქუჩებისა და დამხმარე საშუალებების უნივერსალური მოხმარების კონცეფციას და ითვალისწინებს სხვადასხვა კატეგორიის შშმ პირების მრავალფეროვან საჭიროებებს.

"რეგლამენტში წარმოდგენილი ტექნიკური კრიტერიუმები ადგილებს, საშუალებებს, შენობებსა და ელემენტებს იმ ადამიანებისთვის მისაწვდომსა და გამოყენებადს ხდის, რომელთაც ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობის გამო არ შეუძლიათ გადაადგილება, სიარულისას დამოკიდებულნი არიან დამხმარე საშუალებებზე, არიან უსინათლონი და მცირემხედველნი, ყრუ და სმენადაქვეითებულნი, არ შეუძლიათ კოორდინაცია, არ შეუძლიათ რამესთან მიღწევა და მანიპულაცია/ხელის მტევნისა და თითების მოძრაობა, ნაკლებ ამტანები არიან, უჭირთ გრძნობიერი ინფორმაციის გადმოცემა და მასზე რეაგირება და ახასიათებთ ფიზიკური ზომის უკიდურესობები". – ვკითხულობთ განცხადებაში.

ცვლილება რეგლამენტში გააუმჯობესებს შშმ პირების ცხოვრების ხარისხს და ხელს შეუწყობს მათ სრულყოფილ და დამოუკიდებელ მონაწილეობას ყველა სფეროში.

კომენტარები