კორონავირუსი აშშ-ში

ტრამპის პირად ადვოკატს, ნიუ-იორკის ყოფილ მერს, რუდი ჯულიანის კორნავირუსი დაუდასტურდა

რუდი ჯულიანი

დონალდ ტრამპის პირად ადვოკატს, ნიუ-იორკის ყოფილ მერს, რუდი ჯულიანის ახალი კორნავირუსი დაუდასტურდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამის შესახებ ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა და გამოჯანმრთელება უსურვა:

"ნიუ-იორკის ყველაზე დიდებულ მერს, ადამიანს, რომელიც დაუღალავად მუშაობდა აშშ-ს ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული არჩევნების გამოსააშკარავებლად, ჩინური ვირუსი დაუდასტურდა. მალე გამოჯანმრთელდი, რუდი, ჩვენ საქმეს გავაგრძელებთ!".

რუდი ჯულიანი იყო ტრამპის ადვოკატი იმპიჩმენტის პროცესის დროს. ამჟამად ის ხელმძღვანელობს ტრამპის მცდელობებს გაასაჩივროს 3 ნოემბრის არჩევნების შედეგები, თუმცა, ჯერ ჯერობით უშედეგოდ. ამის გამო ჯულიანი უკანასკნელ დღეებში არაერთ შტატს ეწვია. ზოგიერთ შეხვედრაზე ჯულიანი კამერებმა პირბადის გარეშე დააფიქსირეს. მან არაერთხელ დაარღვია საჯარო შეკრებისას სოციალური დისტანციის წესებიც.

მოგვიანებით საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია თავად ჯულიანიმაც გაავრცელა:

"მადლობას ვუხდი ჩემს ყველა მეგობარს და მხარდამჭერს ლოცვის და კეთილი სურვილებისათვის. კარგად მივლიან და თავს კარგად ვგრძნობ. მდგომარეობა სწრაფად უმჯობესდება და ყველაფერს თვალს ვადევნებ."

რუდი ჯულიანი 76 წლისაა. კორონავირუსი დაუდასტურდა მის ვაჟსაც. უკანასკნელ თვეებში ტრამპის ადმინისტრაციაში ახალი კორნავირუსით არაერთი წევრი დაავადდა, მათ შორის თავად პრეზიდენტი და პირველი ლედი.

აშშ-ში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი კვლავ იზრდება. პანდემიის დაწყებიდან ვირუსი სულ 15 159 529 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 8 855 593, გარდაიცვალა - 288 906. ეპიდემიოლოგები ამერიკის მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მომდევნო თვეებში, შესაძლოა, სიტუაცია კიდევ უფრო გართულდეს და მათ შეზღუდვების დაცვისაკენ მოუწოდებენ.

ჯერჯერობით აშშ-ს გამოყენებისათვის კორონავირუსის არცერთი ვაქცინა არ დაუმტკიცებია. განიხილება რამდენიმე კომპანიის მიერ შექმნილი ვაქცინის დამტკიცება, თუმცა ამისათვის მათ შემოწმება წარმატებით უნდა გაიარონ.

ვაქცინაცია მომდევნო კვირიდან დაიწყება დიდ ბრიტანეთში, სადაც უკვე დაამტკიცეს Pfizer-BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინა. მოსალოდნელია, რომ ამავე ვაქცინის გამოყენება აშშ-ში რამდენიმე კვირაში დაიწყება.

კომენტარები