არჩევნები 2020

ელისაშვილი: შეიძლება ოცნება ისეთ კომპრომისზე წავიდეს, ჩვენც ვთქვათ, აგაშენებთ ღმერთი-თქო

droa.ge

პარტია ლელოს ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებებისა და შეთანხმების ყველა დეტალზე დაწვრილებით ილაპარაკებენ.

"ჩვენ ვართ შეთანხმებული, რომ ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ, რითიც ამდენი ხანი ჟურნალისტებიც დაიტანჯნენ, ჩვენც დავიტანჯეთ, ხალხიც დაიტანჯა, ყველაფერზე დაწვრილებით ვილაპარაკებთ. ხვალ არის მოლაპარაკება და ვნახოთ, შეიძლება ისეთ გონივრულ და სერიოზულ კომპრომისზე წავიდეს ქართული ოცნება, რომ ჩვენც ვთქვათ აგაშენებთ ღმერთი-თქო". – თქვა ელისაშვილმა.

ლელოს ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა დასრულდა. ლიდერები მოლაპარაკებების დეტალების გასაჯაროებისგან კვლავ თავს იკავებენ. ცნობილია, რომ მსჯელობა გრძელდება და ოპოზიციამ ქართული ოცნებისგან საპასუხო წინადადება მიიღო. ოპოზიციამ ქართული ოცნების მიერ წარდგენილ წინადადებაზე იმსჯელა და ისინი ერთიანი მოლაპარაკებების მესამე რაუნდს ელოდებიან. 

შეგახსენებთ, 4 დეკემბერს ოპოზიციურმა პარტიებმა თავიანთი ერთიანი ხედვა ოფიციალური წერილობითი ფორმით გადასცეს. ლიდერების თხოვნა იყო, ეს პოზიცია ოფიციალურად მიეწოდებინათ ქართული ოცნებისთვის და იმავეს ელოდნენ მმართველი პარტიისგანაც.

21 ნოემბერს, საქართველოში ფორმალურად 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა იმ 17 ოლქში, სადაც ვერცერთმა კანდიდატმა ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. თუმცა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელთა კანდიდატებსაც მეორე ტურში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, არჩევნებს, ისევე, როგორც პარლამენტში შესვლას, ბოიკოტი გამოუცხადა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დათვლილია ხმების 100%. ფაქტობრივად ერთპარტიულ არჩევნებში 17-ვე ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვილება, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

კომენტარები