არჩევნები 2020

მართლა ვიტანჯები მეც და ვიცი, რომ თქვენც იტანჯებით – ელისაშვილი ელჩებთან შეხვედრის შემდეგ

droa.ge

პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აშშ-ს და ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ შეთანხმების დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და აღნიშნავს, რომ ამის გამო ისიც გულწრფელად იტანჯება. ელისაშვილის თქმით, ოპოზიცია შეხვედრაზე კონკრეტული, შეჯერებული პოზიციით იყო წარმოდგენილი.

"ჩვენ შევთანხმდით, რომ არ ვილაპარაკებდით დეტალებზე. მართლა ვიტანჯები გულწრფელად მეც და ვიცი, რომ თქვენც იტანჯებით, მაგრამ ასე გვაქვს სიტყვა ნათქვამი, რომ რითიც მოვედით საიდუმლოდ კი არ დარჩება, უბრალოდ ამაზე ღიად ვერ ვილაპარაკებთ.

ძალიან კონკრეტული, შეჯერებული პოზიციით მოვედით, კონკრეტული წინადადებებით, რასაც ელჩები გააცნობენ ქართულ ოცნებას და შემდეგ გავიგებთ მათ პასუხს. სულ რომ ჯვარს მაცვათ, დეტალებს ვერ გეტყვით იმიტომ, რომ სიტყვა გვაქვს ნათქვამი". – თქვა ალეკო ელისაშვილმა.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიცია ელჩებისთვის გადაცემულ დოკუმენტს 2-3 დღეში გაასაჯაროებს. ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, მათ ელჩებს ოპოზიციის ხედვა ოფიციალური წერილობითი ფორმით გადასცეს. მისივე თქმით, ლიდერების თხოვნა იყო, ეს პოზიცია ოფიციალურად მიაწოდონ ქართულ ოცნებას და იმავეს ელიან მმართველი პარტიისგანაც.

21 ნოემბერს, საქართველოში ფორმალურად 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა იმ 17 ოლქში, სადაც ვერცერთმა კანდიდატმა ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. თუმცა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელთა კანდიდატებსაც მეორე ტურში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, არჩევნებს, ისევე, როგორც პარლამენტში შესვლას, ბოიკოტი გამოუცხადა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დათვლილია ხმების 100%. ფაქტობრივად ერთპარტიულ არჩევნებში 17-ვე ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

კომენტარები