არჩევნები 2020

ვაშაძე: 2-3 დღე გვთხოვეს მედიატორებმა და ამის შემდეგ გავასაჯაროებთ ყველაფერს

ტაბულა

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებთან ოპოზიციის საერთო შეხვედრის შემდეგ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიცია ელჩებისთვის გადაცემულ დოკუმენტს 2-3 დღეში გაასაჯაროებს.

"ჩვენი მხრიდან სოლიდური ნაბიჯია გადადგმული იმისათვის, რომ შეთანხმება მოხდეს, ის, რასაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვთხოვდნენ. ჩვენ გავასაჯაროებთ ამ დოკუმენტებს, როგორც კი საპასუხო წერილობით შეთანხმებას მივიღებთ ქართული ოცნების მხრიდან. ვფიქრობ, რომ ყველამ ერთად საჯაროდ უნდა გადავწყვიტოთ, სად არის შეთანხმების ის შუალედი, რაზეც საზოგადოება შეიძლება შეთანხმდეს. ალბათ, კიდევ რამდენიმე დღე მოგვიწევს დალოდება და ამის შემდეგ აუცილებლად საჯაროდ უნდა გამოვიდეთ. პირადად ჩემი თხოვნა იყო, რომ საჯაროდ დაგვეწყო დისკუსია ყველა საკითხზე, ეს 2-3 დღე გვთხოვეს მედიატორებმა და ამის შემდეგ გავასაჯაროებთ ყველაფერს". – თქვა გიორგი ვაშაძემ.

ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, მათ ელჩებს ოპოზიციის ხედვა ოფიციალური წერილობითი ფორმით გადასცეს. მისივე თქმით, ლიდერების თხოვნა იყო, ეს პოზიცია ოფიციალურად მიაწოდონ ქართულ ოცნებას და იმავეს ელიან მმართველი პარტიისგანაც.

21 ნოემბერს, საქართველოში ფორმალურად 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა იმ 17 ოლქში, სადაც ვერცერთმა კანდიდატმა ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. თუმცა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელთა კანდიდატებსაც მეორე ტურში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, არჩევნებს, ისევე, როგორც პარლამენტში შესვლას, ბოიკოტი გამოუცხადა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დათვლილია ხმების 100%. ფაქტობრივად ერთპარტიულ არჩევნებში 17-ვე ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

კომენტარები