უმცირესობები საქართველოში

მეუფე ჯუზეპე ცქიტიშვილს: თქვენი გადაწყვეტილებანი შეიცავს აშკარა დისკრიმინაციას

ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო

ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო საქართველოს ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილს მიმართავს. მისი შეფასებით, შობის ღამესთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება "აშკარა დისკრიმინაციას" შეიცავს. მეუფე ჯუზეპე წუხს, რომ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გაუშვა ხელიდან შესაძლებლობა, ნაბიჯები გადაედგა უმცირესობის ჯგუფებთან ერთად და მათთვის აზრი ეკითხა. 

"რამდენიმე რელიგიურმა ჯგუფმა გაავრცელა წერილობითი განცხადება, რომელშიც გამოხატავენ მწვავე უკმაყოფილებას იმ გადაწყვეტილებების გამო, რაც მთავრობის სახელით თქვენ გამოაქვეყნეთ მაცხოვრის შობის მოახლოებულ რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებით. ამ ჯგუფებმა ღიად განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილებანი აშკარად დისკრიმინაციულია და, რომ მოხდა უმრავლესობის პრივილეგირება იმათ საზიანოდ, ვისაც ასევე ჰქონდა უფლება გამოეხატა თავისი საჯარო რწმენა სხვა, თუმცა, ასევე დასაბუთებულად საფუძვლიანი და შესაბამისად საგულისხმო და გასათვალისწინებელი თარიღით. მთელი რიგი, სხვათა შორის კოვიდთან დაკავშირებული მიზეზების გამოც, მე ხელი არ მოვაწერე ამ წერილს, მაგრამ იცოდეთ, რომ ვიზიარებ მის აზრს. თქვენი გადაწყვეტილებანი შეიცავს აშკარა დისკრიმინაციას.

ვაღიარებ, რომ ვისაც მმართველობის დავალება აკისრია, აკისრია აგრეთვე არჩევანის გაკეთების და გადაწყვეტილების მიღების დავალებაც, ხოლო ყოველი არჩევანი წარმოშობს მოსაზრებას, რომელსაც ყოველთვის ყველა ვერ გაიზიარებს. იოლი არაა გადაწყვეტილების მიღება, და ზოგჯერ კეთილი განზრახვაც არ კმარა, თუმცა კი ის მნიშვნელოვანია. მმართველთა მიერ გაკეთებული არჩევანი უნდა ითვალისწინებდეს უპირველეს ყოვლისა მთელი საზოგადოების სიკეთეს და, პანდემიის ამ მძიმე პერიოდში, შესაძლებელია იმ შეზღუდვების დაწესების გაგება და მათზე დათანხმება, რომლებიც უკვე მიიღეთ. ეს არაა პრობლემა! ვფიქრობ, რომ არცერთი ქრისტიანული რელიგიური კონფესიისთვის სირთულეს არ წარმოადგენს საშობაო მსახურების განრიგის შეცვლა და სამთავრობო გადაწყვეტილებებთან მისადაგება. როგორც ვატყობ ყველანი სწორედ ასე იქცევიან, თუმცა მესმის, რომ მრავალთათვის (მაგალითად, ჩემი ახალგაზრდებისთვის) შობის ღამეს აქვს სრულებით განსაკუთრებული საკრალური ხასიათი და საკუთარი რწმენის აღსანიშნავად მასზე უარის თქმა, შესაძლოა არც იყოს იოლი. მესმის, რომ შესაძლოა რთული იყოს პასუხის გაცემა კითხვაზე, „ჩვენ რატომ ‘არა’ და სხვებს - ‘კი’?“. მესმის, თუმცა არა მგონია, რომ ეს იყოს პრობლემა!

ის, რაც მე განსაკუთრებით დამრჩა საწყენად ისაა, რომ კიდევ ერთხელ ხელისუფლებამ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა ნაბიჯები გადაედგა ჩვენთან, უმცირესობის ჯგუფებთან, ერთად. ოდესმე გიფიქრიათ, რა კარგი იქნებოდა შეგეკრიბეთ ყველანი ერთად და გეკითხათ ჩვენი აზრი და დახმარება გეთხოვათ ჩვენთვის, მას შემდეგ რაც თქვენ საფიქრალსა და სადარდებელს წარმოგვიდგენდით? ოდესმე გიფიქრიათ, რომ ეს იქნებოდა პატივისცემისა და რაიმედ ჩაგდების ნიშანი თითოეული კონფესიისთვის და ყველა იმ მოქალაქისათვის, ვინც მათი წევრნი არიან? ოდესმე გიფიქრიათ, რომ რელიგიურ ლიდერს აკისრია დავალება, ეძიოს საერთო სიკეთე, საზოგადოების ზრდა ყველაზე ნამდვილ ფასეულობებზე დაყრდნობით, ისევე როგორც მას, ვისაც ხელისუფლების სადავეები უპყრია? თქვენ, რა თქმა უნდა კარგად მოგეხსენებათ, რომ რელიგიური ხელისუფლება ემსახურება ხალხს ყოველი კანონის გულისა და აზრის ძიებითა და გადამოწმებით. დიახ! გულწრფელად გითხრათ, გული დამწყდა ხელიდან გაშვებული შესაძლებლობის გამო. გული მწყდება, რომ შესაძლებელი იყო გეჩვენებინათ მთავრობის, ხელისუფლების მხრიდან პატივისცემა ყველასადმი, გული მწყდება, რომ მრავალმა ადამიანმა იგრძნო, რომ მოექეცით მათ, როგორც ანგარიშში არ ჩასაგდებ უმნიშვნელო უმცირესობას. ყველამ ხელიდან გავუშვით ზრდის შესაძლებლობა!!!

ამ ჩემი განცდების გამოხატვით, რაც გარწმუნებთ თავისუფალია ყოველგვარი სიავისაგან, ვისურვე ოდენ მთელი მოკრძალებით დამედო ერთი აგური, რათა მეტი ყურადღებისთვის მოგვეხმო და ერთად აგვეგო ისეთი ხვალინდელი დღე, რომელიც უფრო მშვენიერი იქნებოდა და ყველას შეამჩნევდა და დააფასებდა, დისკრიმინაციისგან თავისუფალი ხვალინდელი დღე!

ვევედრები უფალს, რომ მოგანიჭოთ თქვენ, ამ მთავრობის ყველა მინისტრს, სიბრძნე, რათა ღვთის ხელში დამყოლ იარაღად იყოთ, თქვენზე მონდობილი ხალხის სამსახურად, ჩვენდა სამსახურად! თუ თქვენი სურვილიც იქნება, ჩვენ აქა ვართ". - ნათქვამია წერილში.

საშობაოდ, 7 იანვრისთვის, მართლმადიდებლებს შესაძლებლობა მიეცემათ, ღამისთევის ლიტურგია აღასრულონ, ამისთვის მთავრობა კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებულ შეზღუდვებს ხსნის, კერძოდ კი კომენდანტის საათს, მაგრამ სხვა ქრისტიანები – კათოლიკეები და პროტესტანტები 25 დეკემბერს, ისევე, როგორც სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლი 6 იანვარს ვერ შეძლებს ღამისთევის წესის აღსრულებას.

ქვეყანაში 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით კომენდანტის საათი საღამოს 10 საათის ნაცვლად საღამოს 9 საათიდან დაიწყება. თუმცა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი წლის ღამეს (31 დეკემბრის ღამე) და ასევე შობას (6 იანვრის ღამე) კომენდანტის საათი მოიხსნება, მაგრამ არა იმ თარიღებში, როცა ქრისტესშობას სხვა კონფესიის წარმომადგენლები აღნიშნავენ.

28 ნოემბრიდან, საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე პირების გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა, იკრძალება.

რა შეზღუდვები წესდება საქართველოში – სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომენტარები