EMC

EMC მთავრობას შშმ პირთა დიდი ზომის დაწესებულებების დახურვისკენ მოუწოდებს

გიორგი აბელაშვილი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) შშმ პირთა საერთაშორისო დღეს ეხმიანება და საქართველოს მთავრობას ინსტიტუციონალიზაციის პრაქტიკის დასრულებისკენ მოუწოდებს, რაც დიდი ზომის დაწესებულებების დახურვას და პარალელურად, ადამიანის უფლებებთან თავსებადი, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მხარდამჭერი სერვისების შექმნას გულისხმობს.

"წლების მანძილზე სახელმწიფოს მიერ ფსიქოსოციალური და ინტელექტუალური ნიშნით შშმ პირთა საჭიროებების უგულებელყოფა ასობით ადამიანს საზოგადოებაში ცხოვრების შესაძლებლობას ართმევს და ფსიქიატრიულ დაწესებულებებსა და პანსიონატებში ცხოვრებისთვის წირავს.

დიდი ზომის დაწესებულებებში მყოფი ადამიანების უმეტესობა ცხოვრების დიდ ნაწილს ფსიქიატრიულ საავადმყოფოსა და პანსიონატებში ატარებენ, რაც საზოგადოებისაგან იზოლაციის პარალელურად, გულისხმობს ცხოვრებას ძალადობასა და უგულებელყოფაში, შრომით ექსპლუატაციაში, ღირსების შემლახავ საცხოვრებელ გარემოში, ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვების, მუდმივი კონტროლისა და დისციპლინირების ქვეშ, დიდი ზომის დაწესებულებებში მცხოვრებ შშმ პირებს ჩამორთმეული აქვთ საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის შესაძლებლობა, ხოლო ინსტიტუციაში ცხოვრების დამატებითი დღე მათი დამოუკიდებელი ცხოვრების შანსებს კიდევ უფრო ამცირებს". - წერია EMC-ის განცხადებაში.

EMC-ის განცხადების თანახმად, დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია ჯერ კიდევ 2016 წელს უნდა შექმნილიყო, თუმცა ის დღემდე არაა შემუშავებული, სახელმწიფო უარს ამბობს დიდ ზომის დაწესებულებების დახურვასა და თემზე დაფუძნებული მომსახურების განვითარებაზე. ინსტიტუციების დახურვის საკითხი არც "შშმ პირთა უფლებების შესახებ" ახალმა კანონმა გაითვალისწინა

EMC მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:

  • უმოკლეს ვადაში, შშმ თემის აქტიური ჩართულობითა და ინსტიტუციონალიზებული პირების საჭიროებების შესწავლის საფუძველზე, შეიმუშაონ დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და დაუყოვნებლივ გადადგან საწყისი ნაბიჯები პროცესის მოსამზადებლად.
  • უზრუნველყონ სოციალური დაცვისა (მათ შორის, საცხოვრისის) და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის სხვა არსებითი, თემზე დაფუძნებული სერვისების დანერგვა, განვითარება და მისაწვდომობა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კომენტარები