EMC

EMC: განათლების სამინისტრომ მიიღოს ზომები სტატუსშეჩერებული სტუდენტების მხარდაჭერისთვის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმაურება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შექმნილი კრიზისის გამო სტუდენტების ნაწილი ვერ ახერხებს სწავლის გადასახადის დაფარვას და მოუწოდებს განათლების სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას, მიიღოს ყველა ზომა უმაღლეს განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

"პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო საქართველოს მოქალაქეების მნიშვნელოვანმა ნაწილმა, მათ შორის სტუდენტებმა და მათი ოჯახის წევრებმა, ხელფასი ან შემოსავალი დაკარგეს. სტუდენტების დიდი ნაწილი, როგორც წესი, მომსახურების სექტორში დაბალანაზღაურებად პოზიციებზეა დასაქმებული, რის გამოც, მათ უმეტესობას დანაზოგი არა აქვს. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ბოლო წლებში მწვავედ დგას სტატუსშეჩერებული სტუდენტების მზარდი მაჩვენებელი. თუმცა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივებამ სწავლის გადასახადის დაფარვის შესაძლებლობები კიდევ უფრო შეამცირა.

ბოლო პერიოდში მედიაში ვრცელდება ინფორმაცია სტუდენტების მიერ ორგანიზებული პროცესის შესახებ. ისინი სწავლის გადასახადის გადავადებას ან შემცირებას ითხოვენ. შეიქმნა სტუდენტების პეტიცია, საფასურის განახევრებისა და სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სტატუსის აღდგენის შესახებ. კიდევ ერთ პეტიციაში აღნიშნულია, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა პანდემიის პირობებში, რამდენადაც ფინანსური კრიზისის გამო ახალგაზრდები და მათი ოჯახები ვეღარ ფარავენ სწავლის გადასახადს და სტუდენტები იძულებული არიან, უარი თქვან განათლებაზე". - წერია EMC-ის განცხადებაში.

ისინი მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, შეისწავლოს სტუდენტების მიერ სტატუსის შეჩერების მიზეზები და  მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები იმ სტუდენტების სათანადო მხარდაჭერისათვის, რომლებიც ეკონომიკური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებენ სწავლის გადასახადის დაფარვას. 

კომენტარები