არჩევნები 2020

ბათუმში საპროტესტო აქცია გრძელდება – დაკავებულია ერთი პირი

1tv

ბათუმში საპროტესტო აქციაზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაცია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კონსტანტინე ანანიაშვილმა დაადასტურა. ანანიაშვილის თქმით, ამ ეტაპისთვის არ არიან დაშავებულები. 

"დაპირისპირება დაიწყო იმით, რომ აქციის მონაწილეებმა მთავრობის შენობას მიამაგრეს ბურთები, მთავრობის დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა კი, რომლებსაც ევალებათ შენობის უსაფრთხოება, ბურთები ჩამოხსნეს. დაკავებულია ერთი პირი, ერთის მიმართ კი მიმდინარეობს საქმის წარმოება. დაშავებულები ამ ეტაპზე არ არიან". – თქვა ანანიაშვილმა პირველი არხის ცნობით.

დღეს, 30 ნოემბერს ბათუმის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქციები გრძელდება. აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მოთხოვნა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრაა. მთავრობის სახლში არ შეუშვეს ენმ-დან ფრაქციის ხელმძღვანელი აჭარის უმაღლეს საბჭოში, ელგუჯა ბაგრატიონიც.

ბათუმში ოპოზიციისა და მოქალაქეების საპროტესტო აქციები უკვე არაერთი დღეა უწყვეტად მიმდინარეობს. გუშინ, 29 ნოემბერს ბათუმში აქცია ჩატარდა ლოზუნგით "იმოქმედე!" აქციის მონაწილეების მოთხოვნები ხელახალი არჩევნების ჩატარება, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებაა. ისინი ასევე აპროტესტებენ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებსაც.

დამატებით რა შეზღუდვები დაწესდა ქვეყნის მასშტაბით – სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები