ისრაელი-საუდის არაბეთი

ისრაელის მედია: ნეთანიაჰუ საუდის არაბეთში პომპეოსთან ერთად სამეფოს ტახტის მემკვიდრეს შეხვდა

მაიკ პომპეო და ბენიამინ ნეთანიაჰუ
Reuters

ისრაელის მედიის მიხედვით, პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საუდის არაბეთში ჩაფრინდა და სამეფოს ტახტის მემკვიდრე მუჰამედ ბინ სალმანს აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან ერთად შეხვდა. ინფორმაცია თავდაპირველად ორმა რადიომ, Kan public radio-მ და Army Radio-მ გაავრცელა. ნეთანიაჰუს ოფისში კომენტარი, ჯერჯერობით, არ გაუკეთებიათ.

ისრაელის მედიის წყაროების მიხედვით, შეხვედრა ქალაქ ნეომში შედგა და მას ისრაელის სადაზვერვო სააგენტო მოსადის ხელმძღვანელი, იოსი კოენიც ესწრებოდა.

გამოცემა Haaretz-ის მიხედვით, რადარმა დააფიქსირა თვითმფრინავი, რომლითაც ნეთანიაჰუ მოსკოვში ვიზიტების დროს მგზავრობდა. თვითმფრინავი საუდის არაბეთში 2 საათს გაჩერდა და შემდეგ ისრაელში დაბრუნდა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, ოფიციალური ვიზიტების ფარგლებში, გასულ კვირას ისრაელს ეწვია, შემდეგ კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მათ შორის საუდის არაბეთს. მან დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ სამშვიდობო გეგმაზე ისაუბრა.

15 სექტემბერს ტრამპის ადმინისტრაციის ხელშეწყობით ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზებას ბაჰრეინმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა თეთრ სახლში მოაწერეს ხელი.  მაშინ ტრამპმა თქვა, რომ ძალიან მალე ამავე გზას დაადგება კიდევ ხუთი ან ექვსი ქვეყანა, თუმცა ამ ქვეყნებიდან არცერთი დაუსახელებია. ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ამ ფრენებს საუდის არაბეთმა საკუთარი საჰაერო სივრცე გაუხსნა. 19 ოქტომბერს ისრაელმა და ბაჰრეინმა დიპლომატიური კავშირები ფორმალურად დაამყარეს. ბაჰრეინი არაბთა გაერთიანებული საამიროების, ეგვიპტისა და იორდანიის შემდეგ მეოთხე არაბული ქვეყანა გახდა, რომელმაც ისრაელის სახელმწიფო ცნო.

23 ოქტომბერს ისრაელი და სუდანი აშშ-ს დახმარებით შეთანხმდნენ, ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ნაბიჯები გადაედგათ.

გასულ კვირას ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე ისაუბრა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრინცმა ფაისალ ბინ ფარჰან ალ საუდმა. მან თქვა, რომ ურთიერთობების ნორმალიზებას დიდ ხანია მხარს უჭერენ, თუმცა ამისათვის ჯერ ისრაელსა და პალესტინას შორის მუდმივ და ყოვლისმომცველ სამშვიდობო შეთანხმებას უნდა მიაღწიონ.

არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ბაჰრეინის მიერ ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, პროტესტის ნიშნად, პალესტინამ არაბული ლიგის საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე უარი თქვა.

კომენტარები