COVID-19-ს ვაქცინა

აშშ-ში COVID-19-ზე ვაქცინაცია, შესაძლოა, 11 დეკემბრიდან დაიწყოს

აშშ-ში COVID-19-ზე ვაქცინაცია, შესაძლოა, 11 დეკემბრიდან დაიწყოს. ამის შესახებ აშშ-ს კორონავირუსის ვაქცინის პროგრამის ხელმძღვანელმა, დოქტორმა მონსეფ სლაუიმ CNN-თან ისაუბრა.

სლაუის თანახმად, იმუნიზაციის ცენტრებში ვაქცინის მიწოდება მისი დამტკიცებიდან 24 საათში იგეგმება.

ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა​ და მისმა პარტნიორმა BioNTech-მა პარასკევს წარადგინეს აპლიკაცია, რათა მათ მიერ წარმოებულმა COVID-19-ის ვაქცინამ აშშ-ში გამოყენებისთვის საგანგებო ავტორიზაცია გაიაროს.

Pfizer-ის ვაქცინა ორი დოზით ადმინისტრირდება. მწარმოებლის თანახმად, ის 95%-ით ეფექტიანია. Pfizer-ი იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე 50 მილიონი დოზის წარმოებას შეძლებს.

საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების ხარისხის მონიტორინგის ადმინისტრაციის (FDA) მრჩეველთა კომიტეტი ვაქცინის ავტორიზაციის საკითხის განხილვისთვის 10 დეკემბერს შეიკრიბება. მონსეფ სლაუიმ CNN-თან საუბრისას თქვა, რომ ვაქცინა, შესაძლოა, ხელმისაწვდომი გახდეს მისი დამტკიცებიდან ორ დღეში.

აშშ-ში ვაქცინა შტატებში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდება. შტატებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, პირველი ვინ აიცრება. ოფიციალური რეკომენდაციაა, პირველ რიგში აიცრან მაღალი რისკჯგუფები, სამედიცინო სფეროში დასაქმებულები და ასაკოვანი ხალხი.

ფარმაცევტული კომპანიის თანახმად, მათი ვაქცინაც 95%-ით ეფექტიანია COVID-19-ის წინააღმდეგ.

მონსეფ სლაუმის აზრით, თუ მოსახლეობის 70% აიცრება ასეთი ეფექტიანობის მქონე ვაქცინებით, ჯოგური იმუნიტეტის ეფექტის მიღწევა მაისისთვის გახდება შესაძლებელი.

კომენტარები