პომპეოს ვიზიტი

"გაყალბებულია" – მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად ოპოზიცია მდუმარე აქციას მართავს

ტაბულა

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად ოპოზიცია მდუმარე აქციას – "გაყალბებულია" მართავს. აქციის მონაწილეები ცოცხალ ჯაჭვში დისტანციის დაცვით დგანან.

"იქნება მხოლოდ მდუმარე ფორმა საზოგადოების უდიდესი ნაწილის ერთი მესიჯით, რომ არჩევნები გაყალბებულია და ვესალმებით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს". – თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგი უგულავამ ოპოზიციის აქციის დაანონსების დღეს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას უკვე შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პომპეო ილია მეორესთანაც გეგმავს შეხვედრას.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით კი, მაიკ პომპეო საქართველოში ვიზიტისას სამოქალაქო სექტორსაც შეხვდება და მათ შეხედულებებს მოისმენს კანონის უზენაესობაზე, მოსამართლეთა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე.

მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ტურნეს ფარგლებში იმართება.

შეგახსენებთ, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. ისინი არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად – გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. არცერთი ოპოზიციური პარტია საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის და საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბება. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

 

კომენტარები