რუსეთი

დუმაში შევიდა კანონპროექტი, რომელიც პუტინს კიდევ ორი ვადით კენჭისყრის საშუალებას აძლევს

ვლადიმირ პუტინი
Washington Post

რუსეთის სახელმწიფო დუმაში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც ვლადიმერ პუტინისთვის უკვე ნამუშევარი საპრეზიდენტო ვადების განულებას ითვალისწინებს. 

გარდა ამისა, ინიციატივა საშუალებას აძლევს ვლადიმერ პუტინის, კიდევ ორი ვადით იყაროს კენჭი პრეზიდენტის პოსტზე. შესაბამისი ტექსტით კანონპროექტი სახელმწიფო დუმის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

აღნიშნული კანონპროექტით ცვლილებები შედის 2003 წელს მიღებულ კანონში, რუსეთის პრეზიდენტის არჩევის წესის შესახებ. კერძოდ კანონი კრძალავს ორ ვადაზე მეტით კენჭისყრას პრეზიდენტის პოსტზე, კანონიდან ამოიღებენ ჩანაწერს, რომელიც ზედიზედ ორ საპრეზიდენტო ვადას ეხებოდა. 

ამასთანავე, ეს შესწორება არ ეხება იმ პირს, რომელიც კანონის მიღების მომენტში იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას. ამგვარად, პუტინს კიდევ ორი ექვსწლიანი ვადით შეეძლება კენჭისყრა რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე. 

კანონპროექტის ავტორები, სენატორები - ანდრეი კლიშასი და პაველ კრაშენიკოვი არიან, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების სამუშაო ჯგუფში შედიოდნენ. 

ვლადიმერ პუტინი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივით მიმდინარე წლის 15 იანვარს, ფედერალური მიმართვის დროს გამოვიდა. ინიციატივა თავდაპირველად არ მოიცავდა საპრეზიდენტო ვადების განულებას ვლადიმერ პუტინისთვის. 

თუმცა, მოგვიანებით ამ ინიციატივით გამოვიდა სახელმწიფო დუმის დეპუტატი და პირველი ქალი კოსმონავტი, ვალენტინა ტერეშკოვა, პუტინის დუმაში ვიზიტის დროს. 

საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმის თარიღმა რუსეთში პანდემიის გამო რამდენჯერმე გადაიწია. საბოლოოდ კენჭისყრა 25 ივნისიდან პირველ ივლისამდე პერიოდში გაიმართა. ოფიციალური მონაცემებით, ცვლილებებს მხარი 77.9%-მა დაუჭირა. 

კომენტარები