კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსისგან 15 დღის ჩვილი გამოჯანმრთელდა

ახალი კორონავირუსისგან 15 დღის ჩვილი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ქუთაისის კლინიკა ბომონდი ავრცელებს. 

კლინიკის ცნობით, ჩვილი 4 დღის იყო, როდესაც ახალი კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა. ის კლინიკაში 11 დღის განმავლობაში მკურნალობდა.

მათივე ინფორმაციით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ამჟამად 26 დღის ჩვილს მკურნალობენ. ჩვილი სახლიდან კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დედასთან ერთად ხუთი დღის წინ მიიყვანა. ახალშობილი დედის კონტაქტს წარმოადგენდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.

განყოფილებაში კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომებით 4 ჩვილია მოთავსებული. მათი ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში კვლევისთვის არის გაგზავნილი.

17 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 85 952 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 68 929 გამოჯანმრთელდა, 778 კი გარდაიცვალა. სულ 16 219 აქტიური შემთხვევაა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები